logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: დამოუკიდებლობისთვის ყოველდღე უნდა იბრძოლო, დამოუკიდებლობა ყოველდღე უნდა მოიპოვო, რომ არასოდეს არ დაკარგო
- +

29 მაისი. 2021. 01:35

 

 

26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა!

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დღემდე განვლილმა გზამ, ალბათ, ერთ რამეს მიგვახვედრა _ დამოუკიდებლობის გამოცხადება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება.

დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი აქტი _ გამოაცხადებ, დამოუკიდებელი ვარო და დამთავრდა, იმ მომენტიდან დამოუკიდებელი ხარ!

დამოუკიდებლობისთვის ყოველდღე უნდა იბრძოლო, დამოუკიდებლობა ყოველდღე უნდა მოიპოვო, მის შესანარჩუნებლად ყოველდღე მუხლჩაუხრელად უნდა იშრომო და ოფლი ღვარო.

ჩვენ როგორ მოვიქეცით დამოუკიდებლობის პირველივე წლებში?

როგორც მოვიქეცით და საკუთარი ქვეყანა საკუთარი ხელით დავანგრიეთ, ჩვენს მიერვე არჩეული ხელისუფლება დავამხეთ, პრეზიდენტი ჯერ გავაქციეთ, მერე უკან დაბრუნებული მოვკალით, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, გავყიდეთ, რისი წაღებაც შეიძლებოდა, სახლში წავიღეთ, ფაბრიკა-ქარხნები ჯართად გავზიდეთ, სოფელი გავაჩანაგეთ, ერთ დროს ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა დროის სულ მცირე მონაკვეთში ყველაზე ღარიბ ქვეყნად ვაქციეთ.

თითქოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება იმისთვის გვჭირდებოდა, რომ საკუთარ ნებაზე მიშვებულებს საკუთარი სამშობლო თავისუფლად გვეძარცვა და თავისუფლად გვენგრია.

დამოუკიდებლობის მიღებით უცებ გაცხადდა, რომ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის უვარგისები და მოუმზადებლები ვიყავით.

ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ თითქოს მაინც ვერ ავიდგით ფეხი და დამოუკიდებლად სიარული ვერ ვისწავლეთ.

უფრო ზუსტად, იმ უზნეო ბავშვს ვგავართ, რომელმაც სიარული კი იცის, მაგრამ მაინც ურჩევნია, სხვას დაეყრდნოს და სხვამ ატაროს.

ხშირად გაიგონებთ: რა მოგვიტანა ამ დამოუკიდებლობამ? ტერიტორიის 20% დავკარგეთ, მოსახლეობის ერთი მესამედი ქვეყნიდან გაიქცა, გავღარიბდით, გავღატაკდით, წავხდით და გავფუჭდით.

დიახ, ეს ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა შევწყვიტოთ, ხელი ჩავიქნიოთ და ახალ პატრონებს ჩავბარდეთ.

როგორც დასაწყისში ვთქვი, დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი აქტი.

დამოუკიდებლობისთვის ყოველდღე უნდა იბრძოლო, დამოუკიდებლობა ყოველდღე უნდა მოიპოვო, რომ არასოდეს არ დაკარგო.

ეს მარადიული და უწყვეტი პროცესია, რომელიც არასდროს მთავრდება და რომელიც მუდმივ თავდადებას და თავგანწირვას მოითხოვს.

თუ ასე არ მოხდა, მაშინ დამოუკიდებლობა შეიძლება დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზი გახდეს და უცებ აღმოაჩინო, რომ კვლავ უღელი გადგას მრავალჭირნანახ კისერზე.

ნუ ინუგეშებ თავს იმით, რომ ეს ახალი უღელი, წინა უღლისგან განსხვავებით, ოქროთია მოვარაყებული.

უღელი უღელია, გინდ ოქროსი იყოს, გინდ _ თუჯის.

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ძვირფასო ქართველებო!

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner