„პანდემია, და ეკონომიკური ვარდნა, რომ ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობასა და შემოსავლებზე, ეს მოსოდნელიც იყო. მთავარია, თუ როგორი იქნებოდა ამ ზეგავლენის ეფექტი ანუ ანტიკრიზისულმა სამთავრობო ღონისძიებებმა რამდენად შეამცირა მისი ნეგატიური ზეგავლენა“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, მოსახლეობის შემოსავლებზე პანდემიის უარყოფითი გავლენა ეკონომიკის მხარდამჭერმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა შეარბილა.
„ასევე საინტერესოა თუ როგორია თანხვედრა გლობალურ სიღარიბის მაჩვენებლებთან მიმართებაში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, პანდემიის შედეგად, გლობალურად სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა დამატებით 119-124 მილიონი ადამიანი, რაც პროცენტულადაც სარეკორდი მაჩვენებელია!
ამ ტენდენციის ჭრილში 2020 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3 პროცენტი შეადგინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური სიღარიბის ზრდის მიუხედავად, შემცირდა ფარდობითი სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლები ქვეყანაში.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,02 პუნქტით შემცირდა და 0.37 ნიშნულს მიაღწია, რაც შემოსავლების მეტად თანაბარ გადანაწილებაზე მიანიშნებს.
რაც მთავარია, სწორედ ეკონომიკის მხარდამჭერმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა შეარბილა პანდემიის უარყოფითი გავლენა მოსახლეობის შემოსავლებზე და შესაბამისად, სოციალური უთანასწორობა და ფარდობითი სიღარიბე პირიქით შემცირდა.
მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველოში 2019 წელს უკიდურესი სიღარიბე 2012 წელთან შედარებით განახევრდა , სიღარიბის სხვა მაჩვენებლები კი ახალ ისტორიულ მინიმუმებამდე, თითქმის ორჯერ შემცირდა. შესაბამისად, თვალსაჩინო გახდა, რომ 21-ე საუკუნეში სოციალური რეგრესის ანუ სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგძლივი პერიოდი საქართველოში 2004-2011 წლებია.
მსოფლიო ბანკის შეფასებითვე საქართველოში კეთილდღეობის მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი, რომელთა საშუალოდღიური სამომხმარებლო ხარჯი 5.5$(PPP)-ზე ნაკლებია , 2004 წლიდან 2011 წლამდე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 58.84%-იდან 59.03%-მდე. მსოფლიო ბანკის შეფასებით 2013 წლამდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კეთილდღეობის მიღმა იყო და მათი წილი 55-60%-ის დიაპაზონში მერყეობდა. 2013 წლიდან მოყოლებული ას მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა , სარკისებულად შეიცვალა და პრეპანდემიური პერიოდის ბოლოს 2019 წელს ისტორიულ მინიმუმს 42%-ს გაუთანაბრდა.
რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 1.9$(PPP)-ზე ნაკლებია, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული იყო 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. კერძიდ, თუ 2004 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი თუ 9.95% იყო, 2011 წელს გაიზარდა, სარეკორდო ორნიშნა უარყოფით მაჩვენებლამდე და 11. 13 % -ს გაუტოლდა. ამ ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, და 2019 წელს 3.78%-ს გაუთანაბრდა, რაც 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2.24-ჯერ არის შემცირებული.
ეს სტატისტიკაც ადასტურებს ნაციონალების ეკონომიკური პოლიტიკის დეინკლუზიურ ხასიათს და მთლიანად ფანტავს მითს, ეკონომიკურ აღმავლობის პარადიგმაზე!“, - წერს ცუცქირიძე.