logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ყაჩაღები კორუფციაზე ლაპარაკობენ, მოძველბიჭო ელემენტები ბიძინა ივანიშვილს შავ სამყაროსთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ...
- +

29 მაისი. 2021. 01:49

 

 

შავი სამყარო, მანდატურთუხუცესი და ჩემი სკოლის დირექტორი

„Жизнь ворам“ („ქურდებს სიცოცხლე“) — ასეთი წარწერა დაახვედრეს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეებმა მანდატურის სამსახურის უფროსს, ანუ მანდატურთუხუცესს, გელა გელაძეს.

დიახ, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰყოლია მანდატურთუხუცესი და ის ყოფილა ჩემი სეხნია. ჰოდა, ამას, ამ ჩემს სეხნიას ერთ დღესაც გასჩენია აზრი, სკოლებს დავათვალიერებ, შევხედავ, რა იცი, რა ხდება, რანაირი სიტუაციააო? იარა, იარა, იარა და მიადგა 51-ე სკოლას. ვთქვათ უბრალოდ „სკოლა“, არ მიყვარს, როცა ამობობენ, საჯაროო. რა საჯარო, რა ჯარი, რომელი არმია? ჩვენ დროს, ანუ სოციალიზმის დროში სკოლა იყო საშუალო და არასაშუალო, ანუ რვაკლასიანი. მაგალითად, მე დირექტორი მყავდა ისეთი, მანდატურიც ის იყო, მილიციის უფროსიც და ციდან ჩამოფრენილი ანგელოზიც. ხან ისე ამოგარტყამდა ჭიტლაყსა და ჩაგაფეთებდა ზემოდან, გეგონებოდა მეხი ჩამოვარდაო. ეს ისეთი საინტერესო თემაა, ცოტა ქვემოთ ისევ დავუბრუნდები, ახლა კი იმაზე, რა მოხდა და რატომ მოხდა 51-ე სკოლაში? რატომ ატეხა ერთი ამბავი „ტვ პირველმა“ („ჭუტავიზიამ“), რატომ მონათლა ეს ამბავი განათლების სისტემის დაქცევად, რატომ გამოაცხადა განგაში და რატომ ალაპარაკა გაუნათლებელი ადამიანები ამ თემაზე?

 

თქვენ წარმოიდგინეთ, „ტვ პირველი“ მანდატურის სამსახურსაც დაუკავშირდა (აპა, არ დაუკავშირდებოდა?), მაგრამ უწყება ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. რას ჰქვია, არ აკეთებს? აი, აქ „გაჭედა“ „ჭუტავიზიის“ კოლექტივმა, აიშვა, გადავიდა ჭკუიდან, როგორაო? რანაირადო? ნუთუ ჩვენი განათლების სისტემა შავების ხელშიაო? ნუთუ ჩვენი ბავშვები მომავალი ქურდები არიანო? არა, ეს ხელისუფლება რომ ქურდული მენტალიტეტისაა, ეს ხელისუფლება რომ შავია, ეგ ვიცით, ეგ ცხადია, ისედაც კარგად ჩანს, მაგრამ მომავალი თაობაც, კაცო, მომავალიცაო?

 

სხვათა შორისო… განაცხადა „ტვ პირველის“ კოლექტივმა, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების, მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერია მხოლოდ ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნოო.

აი, ამის შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო… გამოვიდა დიმიტრი შაშკინი, გამოვიდა იმანო, გამოვიდა ამანო, გამოვიდნენ გირჩელები, გამოვიდნენ ლელოელები, გამოვიდნენ ორჯონიკიძეები, შუბლაძეები და დაგმეს, უპირველესად ბიძინა ივანიშვილი გაჰკიცხეს: აი, ხედავთ, რა მოგვიტანა მისმა რუსულმა ორიენტაციამო? ხედავთ, სადამდე მიგვიყვანა პროპუტინისტურმა იდეოლოგიამო? ხედავთ, საით მიექანება ისედაც გაუბედურებული საქართველოო? ხალხო, გაიგეთ, ვიღუპებით, ჩვენი განათლების სისტემა ქურდების ხელშიაო, სკოლებში ძველი ბიჭები შევიდნენ, ქუჩური მენტალიტეტი დამკვიდრდაო. თაკო ჩარკვიანმა, სუ მაგაზე ვლაპარაკობდი, ამიტომ ვერ ვიტან პრორუსულობას და ასევე ვერ ვიტან პუტინის მონებსო. ეხლა რაღა გვეშველებაო? სასწრაფოდაა მოსაშორებელი „ქართული ოცნება“, თორემ ჩვენი მომავალი გადაიჩეხებაო, თუ უკვე არ გადაიჩეხაო.

 

ლირიკული გადახვევა

ღია წერილივით „ჭუტავიზიის“ ე.წ. შემოქმედებით მუშაკებს

ჩემი ღრმა რწმენით, გაგებითა და შეგნებით, ეგ ამბავი, საიდანაც ვითომ სკანდალი გამოადნეთ, არის ბალღების მიერ ჩადენილი ღადაობა… ან კიდევ კარგად გათვლილი პროვოკაცია. როგორც არ უნდა იყოს, მინდა, ერთი სასარგებლო რჩევა მოგცეთ: თუ ძალიან გაინტერესებთ, როგორია ქუჩურ-ძველბიჭური მეტყველება, სიარული, მიხვრა-მოხვრა და მანერები, გადაიღეთ თქვენი მამა-მარჩენალი, ავთანდილ წერეთელი, იგივე „ჭუტა“!

 

ჰო, გადაღების დროს ავთოს კევი დააღეჭინეთ და ისიც მოაყოლეთ, როგორ დააწერა პაპიროზის ქართული ინდუსტრია ნამდვილ მეპატრონეს არაკაცურად, ანუ ყაჩაღურად!

ჰა, ჰა, ჰა… სკოლებს შავები მართავენო.

ავთო დაალაპარაკეთ პატივცემულ საზოგადოებას, ავთო.

კევი არ დაგავიწყდეთ!

შვილებო, საერთოდ, ბუნებაში ასეთი წესია, როდესაც ადამიანს რაღაც სასირცხვო სჭირს, იმ თემაზე არ ლაპარაკობს, რცხვენია, თავს არიდებს ხოლმე. თუმცა ჩვენში პირიქით ხდება — ყაჩაღები კორუფციაზე ლაპარაკობენ, მოძველბიჭო ელემენტები (მაგალითად, ავთო) ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას შავ სამყაროსთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ, ბოზები პატიოსნებაზე უბნობენ. ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯორები დირექტივებს იძლევიან, ინდაურები ადვოკატობენ, ბატები ფილოსოფოსობენ და ჰეეე… არის ერთი ამბავი სადუნდუკეთში. აქ რომ სამართალი იყოს, თქვენ ჟურნალისტობას არავინ დაგაბრალებდათ და მით უფრო, თქვენს მამა-მარჩენალს პატიოსნებაზე ხმას არავინ ამოაღებინებდა.

შავებიო, ქურდებიო, შავი სამყაროო, ქურდული მენტალიტეტიო, ამაზე ლაპარაკობს ავთო წერეთელი, ტოოო!

****

სხვათა შორის, ვიღაცამ სოციალურ ქსელში დაწერა, ეგ გელა გელაძე დიმიტრი შაშკინის დროსას იყო მანდატურის სამსახურის უფროსი, მერე „ოცნებასაც“ დაუნიშნია. სასწაული ის არის, რომ შაშკინი ლანძღავდა ხელისუფლებას და არაფერი უთქვამს, მანდატურის სამსახურს ისევ თავისი კადრი რომ ხელმძღვანელობსო.

 

ნაცებს აქვთ ასეთი პროგრამა, თავიანთ დაწინაურებულ კადრებს (მოსამართლეებისა არ იყოს) დღეს ხაზს ისე გადაუსვამენ, ისე მოთხრიან და გააფარჩაკებენ, გეგონება საერთოდ არ იცნობენ, საერთოდ არ გაუგონიათ. გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილმა რომ თქვა, ბაჩო და დათა ახალაიებს არ ვიცნობდიო? ჰოდა, ეგ ვარიანტია, ამით მან მესიჯი გაუშვა, მურუსიძეებს, ახალაიებსა და იმანოშვილებს არ ვიცნობთო. სხვა საკითხია, „ქართული ოცნება“ ოდიოზურ-მოდიოზურ ფიგურებს რატომ არ იფრენს თანამდებობებიდან, მაგრამ შაშკინისნაირი იდიოტები რომ აქეთ ჭკუას გარიგებენ, ეგ უფრო დიდი უბედურებაა.

 

გადავხედე გელა გელაძის ბიოგრაფიას და სიმართლე ყოფილა, 2010 წლამდე სულ ძალოვან სტრუქტურებში უმუშავია, 2010 წლიდან 2012 წლამდე კი მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეც ყოფილა.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ყველა უნდა გაყარონ სახელმწიფო სამსახურებიდან. 2012 წლიდან ასეთ პოზიციაზე იდგა ბიძინა ივანიშვილი და ამის გამო არაერთი საყვედურიც მიიღო, უფრო მეტად მურუსიძის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

რაც დრო გადის, აშკარად ჩანს, რომ ბატონი ბიძინა მართალი იყო — საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სახელმწიფო სამსახურებიდან რიგითი ან არარიგითი მოხელეების გაყრა და საკუთარი ნათესავებისა თუ ნაცნობ-მეგობრების მოყვანა.

 

რასაკვირველია, არ ვგულისხმობ დამნაშავეებს, რომლებიც აუცილებლად ციხეში უნდა გამწესდნენ. სხვათა შორის, როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, მაშინ მეც შევუტიე, ყველა გამომძიებელი, მოსამართლე და პროკურორი გასაგდებია-მეთქი. მან მშვიდად მიპასუხა: მესმის, რაც გაწუხებს, მაგრამ ასე არ გამოვა, ჯერ ერთი, ამდენ კადრებს ვერსაიდან მოვიყვანთ და მეორეც, დარწმუნებული ვარ, ესენი ახალ გარემოებაში ახლებურად იმუშავებენო. ესეც სხვა თემაა, დავუბრუნდეთ ჩემი სეხნია გელა გელაძის საქმეს…

მოკლედ, შაშკინმა ლანძღა, თათხა თავისივე კადრი და დაასკვნა, რომ დღეს განათლების სისტემა ქურდების ხელშია. როდესაც თბილისის 51-ე სკოლაში ინციდენტი მოხდა, როდესაც მანდატურის უფროსს დაფაზე „ქურდებს სიცოცხლე“ წაუწერეს, ვფიქრობდი, ვიღაცამ ნაღდად წაიღადავა-მეთქი (ამაზე ზემოთაც მოგახსენეთ), მაგრამ თან გულში ეჭვიც მქონდა, შეიძლება წამღადავებელი სკოლის მოწაფე საერთოდ არ იყოს, შეიძლება ამაში ვინმე „ვზროსლი“ ვირის ხელი ერიოს-მეთქი.

თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, „ვზროსლია“ თუ „მალალეტკა“, ეს იყო პროვოკაცია გელა გელაძის მოსაშორებლად. გაითამაშეს იაფფასიანი იდიოტობა? შაბათს ნოდარა მელაძემ ეგრევე ჰგლიჯა სიუჟეტი თავის ბოგანო გადაცემაში, არიქა, იცით, ეს გელაძე ვინ ყოფილაო? თურმე აქამდე არ იცოდნენ, ტიპი სამშენებლო ბიზნესშია, მთელი დღე მშენებარე კორპუსებთან დაბორიალობს, მაგან სკოლებში წესრიგი რანაირად უნდა დაამყაროსო? ისე, მაგარი კაცი ყოფილა ეს ჩემი სეხნია, აქეთ მაგარი სამსახური, იქით — მაგარი ბიზნესი, თუ არაფერს აშავებს, იყოს, კაცო, მრავალფუნქციური ადამიანი. სხვათა შორის, ჩემი დაკვირვებით, განათლების სისტემაში, ასე თუ ისე, სიმშვიდეა, ერთი ხანობა ატეხილები იყვნენ ჩვენი გოგო-ბიჭები, ხან ბათქი გაუდიოდათ, ხან კიდევ ერთმანეთს ცივი იარაღითა სჩეხამდნენ. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნოდარა მელაძე მიესია გელა გელაძეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამბავი, რაც დაფაზე წაუწერეს, ჩაწყობილი იყო.

***

ჩემი სკოლის დირექტორი გამახსენდება ხოლმე, რომელიც თვითონ იყო მანდატურიც, მილიციის უფროსიც, ავანიც და ჩავანიც. გრძელ კორიდორში რომ ჩამაივლიდა, თითქმის ყველანი კედლებზე ვიყავით გაკრულები და ვინც გაკვრა ვერ მოასწრო, იმათაც გადავცემდით, არიქა, მოდისო. ეგეთ რამეს დაფაზე ვინ წაუწერდა? ჰმ… წაუწერდა და კაი ჩიტსაც დაიჭერდა.

სისტემის ნოსტალგია არ მაქვს, არც არაფერს მივტირი, პროგრესი უფრო მხიბლავს, მაგრამ რაღაცა რომ დაიკარგა და გაქრა, ეგ კი ნამდვილად მაწუხებს. რა დაიკარგა და გაქრა? კაცობა დაიკარგა, ურთიერთობა გაქრა, მასწავლებელი ხმას რომ აუწევს, დღეს ტრაგედიად ითვლება, მაშინ ხმასაც უწევდნენ და ხანდახან სახაზავსაც ხმარობდნენ, მაგრამ იყო ამაში რაღაც განსაკუთრებული — კაცებად ვიწრთობოდით და ურთიერთობას ვსწავლობდით. ამას დღევანდელი გოგო-ბიჭობა ვეღარ გამიგებს, მხოლოდ ჩემი და უფრო წინა თაობა ჩაიცინებს და იტყვის, კი იყო ხარვეზები, მაგრამ იმ ცხოვრებას მაინც ჰქონდა თავისი ხიბლიო.

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner