logo_geo
eng_logo
მსახიობი ბონდ მღებრიშვილი: საქართველოს აუცილებლად ვასახელებ...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

5 მარტი. 2016. 10:33

 

 

24 წლის ბონდ მღებრიშვილი ბელგიაში ცნობილი მსახიობი გახლავთ. ბონდის დებიუტი შედგა ფილმში „წამებული" (Mujahid), მოკლემეტრაჟიან თრილერში, სადაც  მოკრივეს განასახიერებს. ამის გარდა,  ბონდი საბრძოლო ხელოვნებითაა გატაცებული.  საბრძოლო ხელოვნებაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ამბობს, რომ ინტენსიური ვარჯიში კინოკარიერაში ხელს ძალიან უწყობს.  შემდეგ გადაიღეს სრულმეტრაჟიან ფილმში  „უკანასკნელი თამაში" (The last game) .  ბონდი  არამარტო ფილმებში, არამედ სერიალებსა და  სარეკლამო რგოლებშიც მონაწილეობს.


მსახიობმა ჰოლივუდის კარიც შეაღო - უკვე ორ ჰოლივუდურ ფილმში იღებენ. „ჩრდილში" (the shadow within) - სადაც ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ლინდსი ლოჰანთან ერთად მონაწილეობს. მეორე ფილმის სახელწოდებაა „მფრინავი" (Airmen) - წარმატებული მფრინავის როლს ირგებს.



ამდენი მიღწევის მიუხედავად, მსახიობი თვლის, რომ წარმატება ჯერ კიდევ წინა აქვს, რაც მთავარია, არ ივიწყებს, რომ ქართველია, რითაც ძალიან ამაყობს. უნდა,  საქართველო ასახელოს. ფიქრობს, რომ რეჟისორებიც სწორედ იმ ემოციით დააინტერესა, როგორიც მხოლოდ ქართველებს აქვთ.



მრავალი სირთულე გამოვიარე უცხო ქვეყანაში, თუნდაც ის, რომ აქაური არ ვიყავი და ამან ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე დამჩაგრა. უთქვამთ, რატომ არის ეს ქართველი და არა ჩვენიანიო. თუმცა, დგება დრო, სადაც უკვე შენ ირჩევ, საით უნდა წახვიდე.

 

 საქართველო ძალიან მიყვარს, როგორც კი ვახერხებ, ჩამოვდივარ ხოლმე ზაფხულობით ჩემს ქვეყანაში. აქ ძალიან ბევრი ნათესავი, მეგობარი მყავს. მოვა დრო, როდესაც მე დავბრუნდები საქართველოში და დავბრუნდები სამუდამოდ. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჯერ აქეთ ყოფნა სჯობს, მინდა, საქართველო ვასახელო, ჩემი სამსახიობო კარიერა განვაგრძო და ეს კარგი იქნება, არა მხოლო ჩემთვის, არამედ საქართველოსთვისაც", -  აღნიშნავს „რეპორტიორთან" ინტერვიუში მღებრიშვილი.


ბონდ მღებრიშვილს ბელგიაში კიდევ უამრავი პროექტი აქვს  განსახორციელებელი და ჯერ იქ აპირებს ყოფნას, თუმცა, მომავალში ჰოლივუდს უმიზნებს.



მღებრიშვილის თქმით,  ქართველ მსახიობებსა და რეჟისორებს თუ მისცემენ საშუალებას და დააფინანსებენ, ისინი მსოფლიოს კინემატოგრაფიაში დიდ კვალს დატოვებენ. 


საქართველო სავსეა ნიჭიერი მსახიობებითა და რეჟისორებით. კახი კავსაძე ჩემი საყვარელი მსახიობია. მინდა, ბიზნესმენებს და ზოგადად ვისაც შეუძლია მივმართო, დააფინანსონ ნიჭიერი რეჟისორები და მთელ მსოფლიოში ისინი თავის სათქმელს იტყვიან.


შესაძლოა, ძალიან ცნობილ ქართველ რეჟისორებთანაც მომიწიოს თანამშრომლობა.


მე საქართველოთი ვამაყობ... ყველასთან და განსაკუთრებით გადაღებების დროს, ხშირად ვამბობ, რატომ არ მიდიხართ საქართველოში? ჩვენ ისეთი არაჩვეულებრივი ადგილები გვაქვს-მეთქი. თითქმის მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს. როცა ზაფხულობით ჩამოსვლას ვახერხებ, მეგობრებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობ. ეს სიყვარული კი, ჩემი ოჯახის დიდი დამსახურებაა, თუნდაც ის, რომ ქართული ენა არ დამვიწყებია. ჩემი აზრით, ოჯახზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღზრდი შვილებს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართველებმა ჩემით იამაყონ. ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი გულით, ნიჭითა და ამბიციებით. ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭირო იქნება და საქართველოს აუცილებლად ვასახელებ", -  აღნიშნავს მსახიობი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner