„გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახური სავალალო პირობებში ფუნქციონირებდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება განვითარება, გაძლიერება და ჩვენი მხარდაჭერა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აჭარაში, სადაც სააგენტოს ახალი ოფისის მშენებლობა დაიწყო.
მისივე განცხადებით, უწყება რამდენიმე წელი მუშაობდა, რომ შერჩეულიყო პროექტი და გამოყოფილიყო ტერიტორია. ეს კი, აჭარის ხელისუფლების მხარდაჭერით მოხერხდა.
„ჩვენ დღეს დავიწყეთ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თანამედროვე პირობებში, მაღალ დონეზე აღჭურვილ ლაბორატორიაში ჩავატაროთ მნიშვნელოვანი კვლევები. შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნება არის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების ნაწილი. ამ მიმართულებით, სამინისტრო გააგრძელებს ინვესტირებას, თანამშრომლების მხარდაჭერას, ახალგაზრდა კადრების მომზადებას, იმისთვის, რომ უდიდესი რესურსი - შავი ზღვა და მისი ეკოლოგია დავიცვათ”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ახალ, სამსართულიან შენობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია განთავსდება.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. გარემოს ეროვნული სააგენტოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც დღეს სრულად ამორტიზებულ შენობაში მუშაობენ, ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტის ჯამური ღირებულება 1.300 000 ლარია. შენობის საერთო ფართი 1872 მ2 -ს შეადგენს.