logo_geo
eng_logo
ზაზა ფირალიშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა
- +

16 ივლისი. 2016. 19:44


ზაზა ფირალიშვილმა „თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. ამის შესახებ ის განცხადებას facebook_ზე ავრცელებს:


თუკი ვინმე დაინტერესდებით: საგანგებოდ დღის მეორე ნახევრისათვის შემოვინახე ეს ამბავი. დილიდანვე რომ გამეხმაურებინა, უნებურად „თავისუფალი დემოკრატების" ყრილობისათვის ზიანის მიყენების მცდელობა გამომივიდოდა. ამას კი არც თავს ვაკადრებდი და არც ყოფილ პარტნიორებს, მით უმეტეს, არ ვაკადრებდი ჩემს აქაურ მეგობრებს. ამასთან, რომ არ მეთქვა, წარმომიდგენია, რა მითქმა­მოთქმის საგანი გახდებოდა ეს ამბავი. მოკლედ, გუშინ საღამოდან აღარ ვარ პარტია „თავისუფალი დემოკრატების" წევრი. თქვენთვის საინტერესო მიზეზებიდან სულ ორიოდეს ვიტყვი. პირველ რიგში, ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება ჩემი ტემპერამენტისა და ცხოვრების ყაიდის ადამიანისათვის ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა. ადრე ყოველთვის მრჩევლის სტატუსს ვჯერდებოდი, მაგრამ წევრობა სულ სხვა ვითარებაა. იყო, ცხადია, გარკვეული იდეოლოგიური და ტაქტიკური წინააღმდეგობებიც, იყო გაუგებრობაც, თუმცა კი ყველაფერი ეს დისკუსიას ექვემდებარებოდა. ყოფილ პარტნიორებთან ადამიანური ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი არა მაქვს. ვისაც მეგობრებად ვთვლიდი, ან შორიდან პატივს ვცემდი გაწევრიანებამდე, ისინი კვლავ ჩემს მეგობრებად და პატივსაცემ ადამიანებად რჩებიან. თუ ოდესმე ჩემი რჩევების საჭიროება ექნებათ, ცხადია, უარს არ ვეტყვი. არასოდეს არავისთვის მითქვამს უარი და, მით უმეტეს, უარს ვერ ვეტყვი ყოფილ პარტნიორებს. დღესაც მივიჩნევ, რომ ეს არის ერთ­ერთი ყველაზე საინტერესო, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი და წარმატებას ვუსურვებ. საგანგებოდ ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ რომელიმე სხვა, მით უმეტეს, სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდში გადასვლას. დღესაც მაქვს ორიოდე საკმაოდ მომხიბლავი წინადადება, მაგრამ წმინდა მორალურ მოსაზრებებსაც რომ დავანებოთ თავი, პოლიტიკის გარეშეც მაქვს თვითრეალიზების სივრცე და ასეთი „სალტო­მორტალეების" საჭიროება არ გამაჩნია", - წერს ზაზა ფირალიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner