„სააკაშვილის ყოველი გაფაფხურება, არიქა, მოვდივარო, არის ძალიან დიდი მასკარადი, რომელსაც ქართველ ხალხს აგერ უკვე მეცხრე წელიწადია, აყურებინებს“, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გაზეთ „ასავალ-დასავალ“ განუცხადა.
„თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში იქნება მანამ, სანამ იარსებებს სააკაშვილის სექტა ნაცმოძრაობა! სააკაშვილი იმდენად კომპრომეტირებული და ჩასვრილია, ხელისუფლებაში მისი მობრუნება წარმოუდგენელია. ეს არც სააკაშვილის პატრონებს აწყობთ. ამ პატრონებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში სააკაშვილის ჩამოყვანა ავტომატურად ნიშნავს არეულობასა და უბედურებას, რაც ამ ეტაპზე არც რუსეთის და არც ამერიკის ინტერესებში შედის...
სააკაშვილის ყოველი გაფაფხურება, არიქა, მოვდივარო, არის ძალიან დიდი მასკარადი, რომელსაც ქართველ ხალხს აგერ უკვე მეცხრე წელიწადია, აყურებინებს. ერთი რამ დავიმახსოვროთ: სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, რომელსაც დაბრუნება მართლაც უნდა, მაგრამ ეს არ სურთ მის პატრონებს. ამიტომ სააკაშვილის ყოველი ბაქიბუქი აძლიერებს „ქართული ოცნების“ პოზიციებს“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.