ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ეს მართლაც სახელმწიფოებრივი დახვედრა იყო! დიახ, თურქეთის პრეზიდენტი სწორედ ისე დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ღირსებასა და სახელს ეკადრებოდა. პირველი პირებისთვის განკუთვნილი ოცდაერთი ზალპითა და ერდოღანის აშკარად მეგობრული განცხადებებით გაჯერებული გამოსვლა სწორედ ამ ყველაფრის დასტურია და ამის არდანახვა, როგორც მინიმუმ, სიბრმავეა.
დიახ, საქართველოს მთავრობის მეთაური, განსაკუთრებული სტუმარი აღმოჩნდა თურქეთის პრეზიდენტისთვის და ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებულად დახვდნენ.
პრემიერ-მინისტრს საცერემონიო ჯარისკაცები შემოუძღვნენ პრეზიდენტის სასახლეში.
აქ იყო საპატიო ყარაული, ხალიჩა და სტუმრის პატივისცემის ნიშნად გაისროლეს 21 ზალპი.
ამის შემდეგ, ბატონი ერდოღანი, რომელიც პრეზიდენტის სასახლის ეზოში დახვდა ირაკლი ღარიბაშვილს, თავად შეუძღვა პრემიერს პრეზიდენტის სასახლეში...
„მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას." - ეს ბატონი ერდოღანის სიტყვებია. "ის არის ლიდერი" - ბრძანებს ერდოღანი და ფაქტია, ირაკლი ღარიბაშვილის სვლები საგარეო საჭადრაკო დაფაზე აზერბაიჯანში და სომხეთში ვიზიტების კვალდაკვალ ახლაც სრული წარმატებით გრძელდება. არადა, საკვირველია, ამ ყველაფერზე "ნაცთა" დუმილი.
ხვალ-ზეგ უფრო ნათლად გამოჩნდება დღევანდელი საუცხოო შეხვედრის შედეგები, მაგრამ ერთი რამ ცხადია - თურქეთის სახელწიფო დღეს მხოლოდ ღირსეული მეზობლის მსგავსად არ მოქცეულა. ჩვენი ქვეყნის პრემიერს ასევე ღირსეულ მეგობრად აგრძნობინეს თავი და ეს სწორედ ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ერთობლივი გამარჯვებაა!
P.S.
აქ შეგნებულად აღარ შევჩერდები ნაცების "მეორედ მოსვლაზე". გნებავთ, "შესვლაზე". აკი, ისინი, მიუხედავად მწარედ ნათქვამი დაპირებისა, პარლამენტშიც შედიან და დღეის შემდეგ მათ სიტყვას და კატის ცუილს ერთი ფასი ექნება...
ახლაც, თურქეთის პრეზიდენტის მიერ, ღარიბაშვილის მიმართ გამოხატულ პატივისცემაზე ენა არ მოგიბრუნდეთ და თქვენი უკრაინელი "მაოხრებელი მკვდრის" მსგავსად ცოფები არ ჰყაროთ!