„მინდა სიამაყით ვთქვა, რომ კახა კალაძემ შეასრულა ის წინასაარჩევნო დაპირება, რაც თბილისელებს მისცა“,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს კახა კალაძემ წარადგინა თავისი გეგმები და ეს დოკუმენტები არ იყო ერთმანეთისგან განყენებული. ეს იყო სინერგიული იდეის მატარებელი, რათა ქალაქში ცხოვრება გაუმჯობესებულიყო. საჭირო იყო რეფორმების გატარება. თბილისში გატარდა სამი მსხვილი რეფორმა ურბანული ქოლგის ქვეშ, რამაც დღეს უკვე მოგვცა შედეგი.
მინდა სიამაყით ვთქვა, რომ კახა კალაძემ შეასრულა ის წინასაარჩევნო დაპირება, რაც თბილისელებს მისცა, და ეს პროცესი უკვე შეუქცევადი გახდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ერთი ინფორმაცია გვქონდა არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო შემდეგ, რეალობა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. ჩვენ დაგხვდა ქაოსური სატრანსპორტო ქსელი. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდის თავის დროზე დანიშნულების ადგილამდე, საგზაო ინფრასტრუქტურა და შუქნიშნები არ არის შესაბამისად მოწესრიგებული იმისთვის, რომ დროულად გაატაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუჩები ერთმანეთთან არ იყო სწორად დაკავშირებული, გვქონდა დუბლირებული ხაზები. მაგალითად, რუსთაველის გამზირზე ერთდროულად 20 სამარშრუტო ტაქსი და 20 „ბოგდანი“ დადიოდა, როდესაც ქალაქის შემოგარენში შეიძლება დღეში ერთ „ბოგდანს“ ჩამოეარა. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად გვეხმარებიან. გარდა იმისა, რომ დეტალურად დავიწყეთ სატრანსპორტო ქსელის გეგმის მომზადება, ამან შეუწყო ხელი მუნიციპალური თანამშრომლების გადამზადებას. მაგალითად რომ ავიღოთ კოსტავა-შარტავას ქუჩების დაგეგმარებას, ამაში მონაწილეობდნენ როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ექსპერტები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.