logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის ჩაკეტვამ ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებზეც აისახა
- +

2 ივნისი. 2021. 13:05

 

 

„2020 წელი მიზნობრივზე მაღალი ინფლაციით დაიწყო, რაც, დიდწილად, 2019 წლის ზაფხულში რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის ფონზე, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადაცემას უკავშირდებოდა“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

 

გვენეტაძის თქმით, 2019 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 2020 წლის დასაწყისიდან წლიურმა ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო.

 

„ინფლაცია 2020 წლის იანვარსა და თებერვალში 6.4 პროცენტამდე შემცირდა, რაც 2019 წლის დეკემბრის 7.0 პროცენტიან ინფლაციასთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. თუმცა შემდგომ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებით მოშლას, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვასა და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდებოდა. პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ. უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის ჩაკეტვამ ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, რაც ფასებზეც აისახა. შედეგად, ინფლაციის მაჩვენებელმა პიკს – 6.9 პროცენტს, აპრილში მიაღწია. ვინაიდან მოსალოდნელი იყო, რომ წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა ინფლაციის მაჩვენებელზე კლების მიმართულებით იმოქმედებდა, არსებულ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ იყო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და აპრილის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო, ივნისსა და აგვისტოში კიდევ 0.25-0.25 პროცენტული პუნქტებით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა.

 

გასული წლის შემოდგომაზე კვლავ გამოიკვეთა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას ახლდა თან. ამასთან, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ იმპორტული საქონლის პროდუქციის ფასებზე წნეხი შექმნა, რაც, თავის მხრივ, ინფლაციაზე მნიშვნელოვნად აისახა. ასევე, მაღალი დოლარიზაციის გამო, კურსის გაუფასურებამ არაჰეჯირებული მწარმოებლების სესხის მომსახურების ხარჯებიც გაზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად გაიზარდა ვირუსის გავრცელების ტემპი, რასაც დამატებითი შეზღუდვები და, შედეგად, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი მიწოდების ფაქტორების შენარჩუნება მოჰყვა. შესაბამისად, პოლიტიკის განაკვეთი წლის დარჩენილ პერიოდში 8.0 პროცენტზე შენარჩუნდა. 2020 წლის დეკემბერში ინფლაცია საგრძნობლად, 2.4 პროცენტამდე, შემცირდა, რაც, ძირითადად, მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იყო გამოწვეული. ხოლო, წლის განმავლობაში, საშუალოდ, ინფლაციამ 5.2 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner