„საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, გახარიას მიერ ჩამოყალიბებული პარტიის წარდგენაზე არ/ვერ მოხდა გადადგომის მიზეზების არგუმენტირებული ახსნა“, - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მისი პოლიტიკაში შესაძლო დარჩენის საკითხი მუდმივად იყო განხილვის საგანი, მანამ სანამ, გახარიამ თავად არ განაცხადა - „არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ“.
საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად გახარიას მიერ ჩამოყალიბებული პარტიის წარდგენაზე არ/ვერ მოხდა გადადგომის მიზეზების არგუმენტირებული ახსნა. არაფორმალური საუბრისას მოსმენილი ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ გადადგომამდე კარგა ხნით ადრე მის გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით იყო გარკვეული კონტაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ან ლიდერთან გამიმყარდა, როცა მამუკა არეშიძის ექსპერტული ანალიზი წავიკითხე. ფაქტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვლა და გეგმა მელიას ვერ დაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვათ ხაზი გახარიას გადადგომით დასრულდა. ფაქტია, 18 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ვიდეომიმართვაში ალტერნატიული მთავრობის შექმნის იდეით გამოვიდა.
ლოგიკურია, საზოგადოებაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის მყარ საფუძველს შექმნიდა წინასწარ დაგეგმილი სისტემური რღვევის იმიტაცია, თუ ნაციონალური მოძრაობის გეგმის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ოცამდე თანამშრომელი საჯარო განცხადებით დატოვებდა სისტემას და ალტერნატიულ მთავრობას „აღიარებდა“. ნუთუ რევოლუციური სცენარი შეკრული იყო, ლოგიკურია, კულმინაცია იქნებოდა მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. სარფში მას დახვდებოდნენ აქტივისტები და კანონისა და უკანონობის ჭიდილში სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეორე გმირი გახდებოდა (მელიას შემდეგ). დამაფიქრებელია მამუკა არეშიძის მოსაზრებები, დამაფიქრებელია...“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.