ექსპერტი ამირან სალუქვაძე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ „ასეთი აქტიური სამეზობლო პოლიტიკა მისასალმებელია“.
ექსპერტის აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანია, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასება, „საქართველოს ვხედავ, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს“.
„ვფიქრობ, რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების ფონზე, ეს მნიშვნელოვანი შეფასებაა. საქართველოს პრემიერს თურქეთის პრეზიდენტმა საკმაოდ მაღალი დონის დახვედრა მოუწყო, 21 ზალპით სტუმრის საპატივცემულოდ. ამ ვიზიტს წინ უძღოდა ვიზიტები აზერბაიჯანსა და სომხეთში. ასეთი აქტიური სამეზობლო პოლიტიკა მისასალმებელია. საინტერესოა, რომ დაიგეგმება ორი ქვეყნის სახელმწიფო საბჭოს შეხვედრა. ბრიფინგები ყოველთვის ზოგადი ხასიათისაა, თუმცა, გარკვეული მიმართულებები გამოიკვეთა. საინტერესო იქნება ვიზიტის საბოლოო შედეგები“, - აცხადებს სალუქვაძე.
ექსპერტი სოციალურ ქსელში იმ Facebook-მომხმარებლებსაც პასუხობს, ვინც პრემიერის ვიზიტს ანტისახელმწიფოებრივად გამოეხმაურა.
„მთავრობის გვერდზე განთავსებულ ვიდეოებზე ვინც პროვოკაციულ კომენტარებს წერთ, ვინც „აჰაჰავებთ“ პოზიტიურ კომენტარებს, რომელი ქვეყნის ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ატარებთ? მეორედ მიწევს დაწერა, ყველა მოქალაქე საკუთარი კეთილდღეობის, უსაფრთხოების მჭედელია. კლავიატურითაც ჭედავთ, ოღონდ საკითხავია, რას და ვისთვის?!“ - წერს ამირან სალუქვაძე.