logo_geo
eng_logo
უკრაინა ბელარუსს სანქციებით ემუქრება
- +

2 ივნისი. 2021. 17:14

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ემინე ჯაფაროვამ განაცხადა, რომ თუ ბელარუსის თვითმფრინავები ოკუპირებულ ყირიმში ფრენების განხორციელებას დაიწყებენ, უკრაინა სანქციებს დააწესებს.

 

„რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დაკანონების მცდელობებს დაუყოვნებლივ გავცემთ პასუხს. ბელარუსული ავიაკომპანიების თუნდაც ერთი თვითმფრინავი ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე თუ აღმოჩნდება, სანქციები გარდაუვალი გახდება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

ემინე ჯაფაროვამ ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებზე სრული პასუხისმგებლობა ლუკაშენკოს ეკისრება, ხოლო ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვა არა პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოების საკითხია.

 

„რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესია დაიწყო, რაზეც მას პასუხისმგებლობა ეკისრება. თუ ლუკაშენკოს პუტინთან ერთად ამ პასუხისმგებლობის გაზიარება და საერთაშორისო იზიოლაციის გაძლიერება სურს, ეს მისი პირადი არჩევანია“, - განაცხადა მან.

 

1 ივნისს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი და მოსკოვი ბელარუსიდან ყირიმში პირდაპირი ავიაფრენების განხორციელების დაწყების საკითხს სწავლობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner