აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახური, ფეთჰულა გიულენი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, ვარაუდობს, რომ ამბოხი თურქეთის მთავრობის მიერ იყო დადგმული. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იტყობინება.
ფეთჰულა გიულენმა, რომელიც საჯაროდ იშვიათად ჩნდება, პენსილვანიაში მოკლე ინტევრიუ მისცა ჟურნალისტების მცირე ჯგუფს, რომელთა შორის ბრიტანული გამოცემა Guardian-ის თანამშრომელიც იმყოფებოდა.
ინტერვიუში გიულენმა უარყო თურქეთის ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.
"მე არ მჯერა, რომ მსოფლიოს სჯერა პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გამოთქმული ბრალდებების. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ყოფილიყო დადგმული სახელმწიფო გადატრიალება", - განაცხადა გიულენმა.
გიულენის თქმით, მას მიუღებლად მიაჩნია ნებისმიერი სახის სამხედრო ჩარევა. როგორც მუსლიმმა ღვთისმსახურმა აღნიშნა, 1990-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალებების შედეგად ის თავად დაზარალდა.
"თურქეთში განხორციელებული სამხედრო გადატრიალებების შემდეგ, ჩემზე ზეწოლა განხორციელდა, მე დამაპატიმრებს. მე სხვასხვა სახის შევიწროვებას განვიცდიდი", - აღნიშნა გიულენმა.
მისი თქმით, თურქეთი ამჟამად დემოკრატიის გზაზეა და წარსულში დაბრუნება არ შეიძლება.
შეკითხვაზე "დაბრუნდებოდა თუ არა ის თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით რომ დასრულებულიყო", გიულენმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, მე მენატრება სამშობლო. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს თავისუფლებაა. მე აქ თურქეთის პოლიტიკური პრობლემებისგან შორს ვარ და თავისუფლად ვცხოვრობ".
სტამბოლში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-სგან მუსლიმი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება მოითხოვა.
გიულენი აშშ-ში1999 წლიდან ცხოვრობს და მოძრაობა "ჰიზმეტს" ხელმძღვანელობს. თურქეთის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ორდერი 2014 წლის დეკემბერში გასცა.