logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ჩემს მეხსიერებაში, ბოლო ორი ხელისუფლების პირობებში, ასეთი დახვედრა არავისთვის მოუწყვიათ
- +

3 ივნისი. 2021. 03:04

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტს თურქეთში, სოციალურ ქსელში მორიგი პოსტით ეხმაურება:

 

„კიდევ ერთხელ მივიქცევ თქვენს ყურადღებას პრემიერის თურქეთში ვიზიტით.

გუშინ გავაზიარე დახვედრის ცერემონიალის ვიდეო. შემდეგ პოსტი გამოვაქვეყნე. დღესაც მივანიშნე მედიას, რომ, სამწუხაროდ, ასეთი მაღალი დონის და მნიშვნელობის ვიზიტი, მეცხრეხარისხოვნად განიხილება.

ეს ის თემაა, რომელიც ტელევიზიების, სააგენტოების მთავარ თემად, ბეჭდური მედიის პირველ გვერდზე უნდა იყოს რამდენიმე დღის განმავლობაში.

ეს ის თემაა, რომლის განსახილველად ამ დღეებში ტოკ-შოუები, დებატები უნდა იმართებოდეს, ექსპერტების, მოაზროვნე პოლიტიკოსების მონაწილეობით, ხოლო საინფორმაციო გამოშვებებში საკმაო დრო უნდა ეთმობოდეს და აქაც ხანგრძლივად უნდა ასაუბრებდნენ პოლიტოლოგებს, თავდაცვის და უსაფრთხოების ექსპერტებს და არა 15-წამიანი ჩართვებით უაზრო შიდა ძიძგილაობაზე.

 

სამწუხაროდ კედელს ვაყრი ცერცვს.

ჩემს მეხსიერებაში, რაც გადავამოწმე მეგობრების მეშვეობითაც, ბოლო ორი ხელისუფლების პირობებში, ასეთი დახვედრა არავისთვის მოუწყვიათ. თუ რომელიმე ვიზიტი გამომრჩა და ვიდეოს მომაწვდით, მომიტევეთ, თუმცა ეს არ ამცირებს ვიზიტის მნიშვნელობას.

ვიდეო კოლაჟში იხილავთ ირაკლი ღარიბაშვილის, ზედა ვიდეო, და ალიევის, როუჰანის და პუტინის დახვედრას, ქვედა 3 ვიდეო.

შესაძლოა სხვა მაგალითების მოყვანა იმის დასტურად, რომ პრემიერის ვიზიტი აყვანილი იყო უმაღლეს რანგში.

რატომ ვამახვილებ ყურადღებას.

როცა რეგიონში ვითარება იძაბება, თუნდაც შარშანდელი მოვლენები რომ გავიხსენოთ, იწყება ხოლმე ზედაპირული განცხადებები, რას აკეთებს საქართველო, როგორაა პროცესებში ჩართული და ა.შ.

ამ მოკლე ვადებში, რაც ღარიბაშვილი პრემიერია, ვიხილეთ ვიზიტები ბაქოში, ერევანში, ანკარაში. ბოლო ვიზიტისას ისაუბრეს რეგიონულ პროცესებზე. გაჟღერდა სტრატეგიული დონის საბჭოს შეკრების შესახებ და ა.შ. ასეთი აქტიური საგარეო და რეგიონული პოლიტიკაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის როლის გასაძლიერებლად.

იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი ამ ვიზიტებზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი თემა, ამ დღეებში არსებობს?

ბევრ სიუჟეტში დახვედრის და გაცილების ნიუანსების მნიშვნელობაც კი ვერ ან არ გაიგეს.

შესაბამის ფეისბუკ გვერდებზე შეგიძლიათ იხილოთ როგორც ჩვენი მთავრობის, ასევე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიერ გავრცელებული დახვედრის, ოფიციალური ვახშმის, სამუშაო შეხვედრის და გაცილების ფოტო და ვიდეო მასალები“, - წერს სალუქვაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner