შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც ერევანში პოლიციის შენობა დაიკავა, ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას სომეხი დეპუტატი ნიკოლა პაშინაიანი ავრცელებს.
შეიარაღებულმა ადამიანებმა პოლიციის სამმართველოში 7 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. სომხური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავიდან სამმართველოში 8 ადამიანი ჰყავდათ დატყვევებული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთ-ერთი მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას არ ადასტურებს.