„გიორგი გახარია ჩვენ შორისაც კი ყველაზე აქტიურად ითხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც უკავშირდებოდა გიორგი გახარიას გადადგომას და 17-18 თებერვლის მოვლენებს.
„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მელიამ გააკეთა მკვეთრი განცხადება, მან გამოიწვია სახელმწიფო, ხელისუფლება, მან თქვა რომ ის არ გადაიხდიდა გირაოს თანხას და ვერ დაიჭერდნენ. ეს იყო ძალიან მძიმე გამოწვევა. ამის შემდეგ, დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და ჩვენ გვქონდა პოლიტიკური მსჯელობა, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას. ამ პროცესში პოლიტსაბჭო და სრული შემადგენლობით საპარლამენტო უმრავლესობა იყო ჩართული. უმრავლესობის პირველი შეხვედრა გვქონდა დაახლოებით 8 თებერვალს, სადაც ვიმსჯელეთ იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე. ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, ვგულისხმობ გუნდის ხელმძღვანელობას, პარტიის ხელმძღვანელობას.
ზოგადი დამოკიდებულება იყო პოზიტიური ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის კუთხით, თუმცა დეპუტატებმა დააყენეს ასეთი თხოვნა, იქნებ მოსულიყო უმრავლესობის შემდეგ შეკრებაზე პრემიერი გახარია. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ მთავრობის აღსასრულებელი იყო სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობა მოხსნიდა იმუნიტეტს. ამის შემდეგ იყო თუ არ ვცდები 13 თებერვალი, შაბათი დღე, როდესაც გაიმართა უმრავლესობის შემდეგი შეკრება, სადაც ჩვენ ვთხოვეთ მონაწილეობა მაშინდელ პრემიერს გიორგი გახარიას, სწორედ უმრავლესობის თხოვნის საფუძველზე და იქ დაისვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდებოდა ეს პოლიტიკური პროცესი და როგორი იყო პრემიერის პოზიცია იმუნიტეტთან დაკავშირებით.
ჩვენ გვქონდა ხელახალი მსჯელობა და მე შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი გახარია ყველაზე აქტიურად, ჩვენ შორისაც კი ყველაზე აქტიურად ითხოვდა იმუნიტეტის მოხსნას. მათ შორის გარკვეული განცხადებები იყო დეპუტატების მიმართ შეურაცხყოფის ზღვარზეც კი გაკეთებული, შემიძლია ესეც გითხრათ. ანუ კანონის აღსრულება, კანონის უზენაესობა, მაშინ ჩვენ ვიყავით ერთიანი ამ პოზიციის გარშემო, კანონი უნდა აღსრულებულიყო, როდესაც ასეთი უხეში ფორმით გამოიწვევს პოლიტიკოსი, ნაცმოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე სახელმწიფოს, ხელისუფლებას ბუნებრივია, ამ შემთხვევაში რეაგირება უნდა ყოფილიყო შესაბამისი და კანონი უნდა აღსრულებულიყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.