logo_geo
eng_logo
ზურა შევარდნაძე: არ დავუჯერე, მარტო შევედი - აღარ იყო საამქვეყნიო, თვალები დახუჭული ჰქონდა და სუსტად, მშვიდად სუნთქავდა...
- +

5 ივნისი. 2021. 01:06

 

ბიოლოგ-ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უნივერსიტეტში, ბოტანიკის კათედრაზე ვმუშაობდი უკვე. ლაბორატორიაში მომაკითხა ლეილა კახიანმა და მითხრა, დედამ დაგირეკა სოფლიდან, მთხოვა სამი სიტყვა გადმომეცა " ნამეტანი გლახათაა, ჩამოი.."

მივხვდი, ქვეყანა თუ არ ინგრეოდა უნივერსიტეტში არ დარეკავდა, სახლშიც არ გამივლია, პირდაპირ სადგურზე წავედი და პირველივე დასავლეთისკენ მიმავალ ავტობუსს გავყევი. საღამოს ეზოში, რომ შევედი მაისის ბლის ძირში თალიკო მამიდა, ეთერი და უმანკო ბებია ისხდნენ. ფეხზე წამომიდგენ, არ მომსალმებიან. უმანკო ბებიამ ცახოცი მოიხსნა და კურცხალი მომწმინდა, ჩამიხუტა.

ბაბუა შემომეგება, " ნუ შეხვალ ბაბუა, ნამეტანი გლხათაა,  გული გეტკინება, ვერ გიცნობს, გათავებულია.."

არ დავუჯერე, მარტო შევედი. აღარ იყო საამქვეყნიო, თვალები დახუჭული ჰქონდა და სუსტად, მშვიდად სუნთქავდა, სიტყვა არ მითქვამს, თავსტუმალს დავჯექი, თვალი არ გაუხელია, მივხვდი მიცნო.

ძალიან შეეცადა, საბნიდან მარჯვენა, დამბლიანი ხელის არათითიდან რგოლის ბეჭედი მოიცალა და მუჭში ჩამიდო, ხელი დამიხურა და მაგრად მომიჭირა.

საღამოს პირზე დალია სული.

ჩემი საკედარო ქვეყანა დაინგრა, იმ წუთიდან სულ სხვანაირი, უფრო უსიყვარულო გახდა დედამიწა ჩემთვის.

მეხუთე, შაბათ დღეს დავკრძალეთ ჭანდრისძირში.

მისი ჩემოდანი მე გავხსენი, დიდი არაფერი, რაც ებადა ხომ ყველაფერი ნაწილ ნაწილ სიცოცხლეშივე დაგვირიგა, ოთხად გაკეცილი უჯრებიანი რვეულის ფურცლები ვიპოვნე კარაბადინში, "ზურიკოს" ეწერა პატარა ასოებით, ბევრი თბილი სიყვა დაეწერა ჩემთვის..

რგოლის ბეჭედზე, რომელიც ნიშნობის დღიდან იმ წუთამდე სანამ მუჭში ჩამიდო, მოუხსნელად ატარა, ზოგჯერ უთქვამს "თვრამეტი გრამი ბაჯაღლო ოქროა, რომ აღარ ვიქნები შენია ნენა, მანამდი ჩემი." ავწონე, ხუთი გრამი გამოდგა, დანარჩენი გალეულა შრომისგან...“, - წერს შევარდნაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner