„მე არ ვიყავი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ორგანიზატორი ან ინიციატორი, მან თავად მთხოვა შეხვედრა“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ გვისაუბრია საქართველოზე, ძირითადად ვლაპარაობდით უკრაინაზე, მარიუპოლზე. სააკაშვილს აინტერესბდა, რა ხდება ევროპარლამენტში უკრაინასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენი საუბრის 99 პროცენტი ეხებოდა მარიუპოლს, სიტუაციას ფრონტის ხაზზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში და ზოგადად უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს. მან ერთადერთიო კითხვა დასვა საქართველოსთან დაკავშირებით და მკითხა, თუ გააგზავნის ევროპარლამენტი სადამკვირვებლო მისიას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე. ჩვენ ცხადია, გვსურს ჩამოსვლა მუნიციპალურ არჩევნებზე. თუმცა, ჩვენ არ გვისაუბრია „ნაციოანალურ მოძრაობაზე“, მე არ ვიცოდი, რომ პარტია ხელს არ აწერდა შეთანხმებას, სხვა შემთხვევაში, აღნიშნულს ვახსენებდი მასთან საუბრისას.
იმედი მაქვს, სააკაშვილი ძირითადად დაეთანხმება იმას, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს საქართველოში და არ ჩაერევა მათ გადაწყვეტილებებში, რადგან ეს სარგებელს არ მოიტანს. ყოველთვის ვაკრიტიკებდი ასეთ ჩარევებს. არ ვფიქრობ, რომ გარე აქტორები უნდა ჩაერიონ პარტიულ ინტერესებში. ვფიქრობ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარტიის წევრებისგან. უბრალოდ მინდა, ვთხოვო ყველას, დაიცვან წესები, იმოქმედონ სამართლიანად, პასუხისმგებლიანად მოიქცნენ და რაც შეიძლება მალე მოაწერონ ხელი შეთანხმებას. იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი თავის გავლენას პარტიაზე ამ მიზნით გამოიყენებს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.