„18 თებერვლის დილითაც, როდესაც საბოლოო ჯამში დაწყებული იყო საპოლიციო ძალების მობილიზება და შემდეგ გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე, პარალელურად კიევიდან და ნაცმოძრაობის თბილისის ოფისიდან გვქონდა ინფორმაცია ნაცმოძრაობის გეგმის თაობაზე. ორი დღე სჭირდებოდათ, რომ ეს გეგმა სისრულეში ყოფილიყო მოყვანილი,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სცენარზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია იყო კიევიდან და ამ თანხვედრამ ეჭვები გამოიწვია, შემდეგ კი გაამძაფრა.
„გეგმა იყო შემდეგი - მას შემდეგ რაც სასამართლო შეუფარდებდა მელიას დაკავებას და ხელისუფლება ვერ დააკავებდა, იწყებდა საუბარს ნაციონალური მოძრაობა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო შემოსული პარლამენტში, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას ნაცმოძრაობა აბრალებდა ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას. ეს იყო მათი მესიჯ ბოქსი, რაც ჰქონდათ მათ გაწერილი და ეს იყო მათი გეგმის შემადგენელი ნაწილი. ამაზე მითითებით სააკაშვილმა თუ გახსოვთ, თუ არ ვცდები 17 თებერვალს გააკეთა განცხადება ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი, რომელიც შემოიტანა მან ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. 18 თებერვალს უკვე ვერ დაკავების საბაბით ისინი აყალიბებდნენ, აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით. ეს არის ინფორმაცია რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან.
მათ ჰქონდათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შს სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობაში, მთავრობის დაქვემდებარებაში და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. ანუ რამდენიმე ათეული ადამიანით ხდებოდა ამის იმიტაცია და მედიით ხდებოდა ამის გაშუქება. ეს იყო ამის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა. დამთხვევა წარმოიდგინეთ. რა ხდება ამ დროს მმართველი პარტიის ოფისში. 17 თებერვალს, როგორც კი დამთხვევა დავაფიქსირეთ მაშინვე ბუნებრივია გაჩნდა ეჭვი და აღარ გავანდეთ მას ეს ინფორმაცია, თავი დავიცავით, ჯერ კიდევ პრემიერი იყო 17 თებერვალს. თანხვედრა როცა არის ასეთ დროს, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვებს. იმავე დღეს იქიდან ამბობენ, რომ ორი სამი დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებას და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაუგებარი მოტივით ორი-სამი დღით ოპერაციის გადადებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ სცენარის შემდეგი გაგრძელება იყო იმიტაცია ძალოვან სტრუქტურებში და ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს.
„იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. რაც იყო წმინდა იმიტაცია, მაგრამ ამას ეფექტი არ ექნებოდა. ანუ ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაშიც, ძალოვან სტრუქტურებში გადადიან შსს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ თხუთმეტი კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. გეგმის შემდეგი ნაწილი იყო, 18 თებერვლისთვის, სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში, სადაც უნდა დახვედროდნენ და შემოეცილებინათ. რაოდენობებზე იყო საუბარი და ეს ინფორმაცია ჩვენთვის არის ცნობილი, თუმცა, გვარები ჩვენ არ ვიცით. რაც შეეხება, სარფში შემოსვლას. უკრაინული სცენარი, რაც ჰქონდა, თავის დროზე, გათამაშებული სააკაშვილს, ხვდებიან აქტივისტები, შემოდის.
ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ ამას შესძლებდნენ და მართლა ააყირავებდნენ ხელისუფლებას. ჩვენ გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მით უმეტეს იმ ფონზე, თუ 19 თებერვალს სააკაშვილი ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად, პრემიერი, დამატებით, გადადგებოდა. ანუ, როგორი ჯაჭვი იკვრება. საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი მმართველი პარტიისთვის. ეს იყო ის სცენარი, რომლის შესახებაც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია კიევიდან და თანხვედრამ, ბუნებრივია, ეჭვები ჯერ გამოიწვია და მერე უფრო გაამძაფრა. თქვენ, შეგიძლიათ, დაუსვათ ეს კითხვა გიორგი გახარიას. რატომ ითხოვდა 2-3 დღეს? რა იყო არგუმენტი? რაში სჭირდებოდა 2-3 დღე, როცა ვითარება არათუ არ იცვლებოდა, პირიქით, უარესდებოდა. ახლა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ჯერ ითხოვდა იმუნიტეტის მოხსნას, ძალიან მძაფრად, უხეშად, აქტიურად, დეპუტატებს სთხოვდა ამას, როგორც უკვე ვთქვი, 13 თებერვალს და სამ დღეში, ოთხ დღეში იცვლის პოზიციას, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. რატომ ითხოვდა თავის დროზე იმუნიტეტის მოხსნას და რატომ იცვლის პოზიციას? თავის დროზე, რატომ არ ჰქონდა ეს პოზიცია იმუნიტეტთან დაკავშირებით. ახსნა არის მარტივი - იმუნიტეტის არ მოხსნა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ვიღაცამ უარყოფითად აღიქვას, მაგრამ ხელისუფლების სისუსტეს ეს არ აჩვენებს. ხელისუფლება სისუსტეს ავლენს სწორედ იქ, როდესაც იმუნიტეტს უხსნის პირს და მერე ვერ იჭერს. ეს იყო ერთი სცენარის და გეგმის შემადგენელი ნაწილი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.