„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, თუ საიდან აქვს დაფინანსება ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას და ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს. როგორც ირაკლი კობახიძემ „რუსთავი-2“-ის „ღამის კურიერში“ განაცხადა, მათთვის ამ ინფორმაციის გასაჯაროება მომგებიანი არ იქნება.
„შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ბედნიერი არ იქნებიან ამ ინფორმაციის გასაჯაროებით. საუბარი მაქვს კონკრეტულ დაფინანსების წყაროზე, სწორედ იმიტომ არ საუბრობენ რეალური დაფინანსების წყაროზე, რომ მოგებიანი არ იქნება მათთვის ამ ინფორმაციის გასაჯაროება. მოგვიანებით საზოგადოება გაიგებს,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, მთლიანობაში ლოგიკური ჯაჭვი იკვრება.
„რა ლოგიკაც განვავითარეთ 17-18 თებერვალთან დაკავშირებით, გადადგომასთან, მერე პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, ეს ლოგიკური ჯაჭვი იკვრება და გრძელდება. როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს ამოცანა, რომ შენ მაქსიმალურად დაგაახლოვოს 43 %-ს, ვისგან შეიძლება მომდინარეობდეს ეს ამოცანა? მგონი მარტივია ამ შეკითხვაზე პასუხი და საზოგადოება თვითონ გამოიტანს დასკვნას. როდესაც თანხვედრაა 2-3 დღეს შორის, იქაც საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს თავისი დასკვნები. როდესაც არგუმენტი არ აქვს ადამიანს და ამტკიცებს, რომ 2-3 დღეში რაღაც უკეთესად იქნება, აქაც, ბუნებრივია, საკუთარი დასკვნები ყველამ უნდა გააკეთოს. როდესაც პასუხი არ გაქვს კითხვაზე, ამ შემთხვევაში პასუხი სხვაგან უნდა ეძიო. მარტივი ლოგიკაა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია არის უტყუარი. რაღაც ფაქტები შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მაგალითად, სად იმყოფებოდა ფიზიკურად მიხეილ სააკაშვილი 17 თებერვალს. თქვენ მოიძიეთ. ნებისმიერს შეუძლია მოიძიოს ეს ინფორმაცია, სად იმყოფებოდა სააკაშვილი 17 თებერვალს და მიხვდება, რატომ იმყოფებოდა. ამ ლოგიკურ ჯაჭვზე გვქონდა საუბარი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.