logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა
- +

17 ივლისი. 2016. 17:27


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 18-19 ივლისს, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება.


ქვეყნის პირველი პირი ლიუბლიანაში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.


საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლუბლიანაში, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.


დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა სლოვენიის პირველ ლედისთან ტანია პეჩარისთან.


საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის და ტანია პეჩარის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.


გიორგი მარგველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერარს, ასევე, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს, ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს და ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს შეხვდება.


დაგეგმილია ასევე, სამუშაო ლანჩი სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრ პიტერ გასპერსიჩთან.


პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება.


საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი არიან.


საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner