logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საგარეო და რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით ძალიან აქტიურობს
- +

7 ივნისი. 2021. 11:48

 

 

„საქართველოს არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლების არცერთ პირველ პირს თურქეთში ისეთი დიდი პატივითა და პომპეზურობით არ დახვედრიან, როგორც გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლეს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

მისივე თქმით, ღარიბაშვილის უმაღლესი დონის ვიზიტის ფონზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ერდოღანი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და პირადად პრემიერმინისტრის მიმართ უაღრესად პოზიტიურად არის განწყობილი.

 

„საქართველოს არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლების არცერთ პირველ პირს თურქეთში ისეთი დიდი პატივითა და პომპეზურობით არ დახვედრიან, როგორც გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლეს. ერდოღანის ხელისუფლება მსგავსი ცერემონიით მხოლოდ პუტინს, ალიევსა და არაბული სამყაროს იმ ლიდერებს ხვდება, რომლებთანაც თურქეთს განსაკუთრებული უერთიერთობა აქვს, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთი მაღალი დონისა და მნიშვნელობის ვიზიტი მეცხრეხარისხოვან თემას წარმოადგენს ქართული მედიისთვის, რომ შიდა პოლიტიკური ინტრიგებისა და პარტიული ძიძგილაობის გაშუქებით არის დაკავებული. ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთში ასეთი დიდი პატივით რომ დახვდნენ, ესა სახელმწიფოებრივ ინტერესებთან ერთად მისმა პიროვნულმა ფაქტორმაც განაპირობა. საერთოდ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში წესია, რომ სახელმწიფოს პირველ პირებს შესაბამისი უწყებები სრულ დოსიეს უმზადებენ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან იმ ოფიციალური სტუმრის შესახებ, რომელთანაც შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს უკვე მეორედ იკავებს და, ცხადია, თურქეთის პრეზიდენტს მისი, როგორც პოლიტიკოსისა და პიროვნების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ექნება. მოკლედ თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის უმაღლესი დონის ვიზიტის ფონზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ერდოღანი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და პირადად პრემიერმინისტრის მიმართ უაღრესად პოზიტიურად არის განწყობილი.

 

ცხადია, თურქეთთან ისტორიული პრობლემები გვქონდა, მაგრამ თანამედროვე რეალობისა და ჩვენი ურთულესი სამეზობლოს გათვალისწინებით უნდა გვესმოდეს, რომ თურქული ისტერია ჩვენივე სახელმწიფოებრივ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. საერთოდ, ისტორიული პრობლემები საუკუნეები განმავლობაში არამარტო თურქეთთან, არამედ ყველა მეზობელთან გვქონდა, მაგრამ 21-ე საუკუნეა და ორი არჩევანი გვაქვს – ან საუკუნეების წინანდელ რეალობაში ჩავრჩეთ და ურთულესი გეოპოლიტიკურ გარემოცვაში თვითიზოლაცია გამოვაცხადოთ, ან მეზობლებთან ჩვენი სახელმწიფო ინტერესები მაქსიმალურად შევაჯეროთ და განვითარების გზაზე ვიაროთ.

 

რაღა თქმა უნდა, თურქეთს როგორც რეგიონში, ისე კონკრეტულად საქართველოში საკუთარი ინტერესების აქვს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. სამეზობლოში და მის გარეთაც დიდ თუ პატარა ქვეყნებთან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა და შეჯერება მტკიცე მშვიდობასა და განვითარებას მოგვიტანს.

 

ბოლო წლებისა და შესაძლოა ათწლეულების განმავლობაშიც კი არცერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერისგან არ მოგვისმენია, რომ საქართველო რეგიონული თანამშრომლობის გასაღებია, თურქეთის პრეზიდენტმა კი ეს ხმამაღლა თქვა და ამით დაადასტურა, რომ საქართველო ინარჩუნებს რეგიონში უმნიშვნელოვანეს როლსა და სტატუსს, რომელიც ისტორიულად გაგვაჩნია.

 

მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საგარეო და რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით ძალიან აქტიურობს, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და ქვეყნის როლის გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალუქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner