logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საარჩევნო თაღლითობის მომსწრენი ვართ
- +

7 ივნისი. 2021. 12:28

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალფორმირებულ სამთავრობო კოალიციას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საარჩევნო თაღლითობა უწოდა.

 

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საარჩევნო თაღლითობის მომსწრენი ვართ. ხალხი თავს მოტყუებულად გრძნობს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის, ვინც მემარჯვენეა, მემარცხენე მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

 

„იამინასა“ და „თიქვა ხადაშას“ პარტიების დეპუტატებს მოვუწოდებ, ისრაელის სახელმწიფოსთვის ამ საშიშ მთავრობას მხარი არ დაუჭირონ. ჯერ კიდევ გვიან არ არის. მე და „ლიკუდის“ წევრები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ საშიშ მთავრობას, რომელიც ამომრჩევლების მოტყუების ხარჯზე იქმნება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

3 ივნისს პარტია „იეშ ათიდის“ ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ისრაელის პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს აცნობა, რომ სამთავრობო კოალიცია შექმნა. სამთავრობო კოალიციის დამტკიცების შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდება. სამთავრობო კოალიციაში შემდეგი პარტიები შედიან: „იეშ ათიდი“, „იამინა“, „ავოდა“, „ჩვენი სახლი ისრაელი“, „ახალი იმედი“, „მერეცი“ და „რაამი“.

 

შეთანხმების თანახმად, როტაციული პრინციპის გათვალისწინებით, პარტია „იამინას“ ლიდერი, ნაფტალი ბენეტი პრემიერ-მინისტრი გახდება, რომელსაც ორ წელიწადში პარტია „იეშ ათიდის“ ლიდერი, იაირ ლაპიდი ჩაანაცვლებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner