„ბიძინა ივანიშვილის განცხადების მერე ყველა კითხვას პასუხი გაეცა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებას.
„ბიძინა ივანიშვილის განცხადების მერე ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მან მკაფიოდ თქვა, რომ 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომა იყო პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესების ღალატი, კანონის უზენაესობის პრინციპის ღალატი და მერე იმ პოლიტიკური გუნდის, ვინც ის პოლიტიკაში მოიყვანა. გახარიას გადადგომა იყო იმ ამომრჩევლების ღალატი, ვისაც მისი სჯეროდა... სჯეროდა, რომ დაასრულებდა პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, დაასრულებდა ხელოვნურად გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისის გამომწვევ „ნაციონალურ მოძრაობას“. წილი საბოლოოდ ნაყარია და გადამწყვეტ სიტყვას, ისევე როგორც ყოველთვის 2012 წლიდან, იტყვის „მისი აღმატებულება ამომრჩეველი“, - აღნიშნავს ვლადიმერ ბოჟაძე.