ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ ე.წ „ფიდინგ პრემიუმის“ მოდელი მომავალში კიდევ უფრო პოპულარული გახდება.
„შემუშავდა განსხვავებული მოდელი, თუ როგორ შეიძლება ენერგეტიკის სტიმულირება ე.წ „ფიდინგ პრემიუმის“. მისი არსებითი განსხვავება არის ის, რომ მხოლოდ მოთხოვნის დაზღვევა არ ხდება, რაც შეეხება ფასს; ეს საკმაოდ მაღალი სტიმულია და დაახლოებით, 20-30%-იანი სტიმულია სექტორისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ვხედავთ, რომ სექტორი კარგად გადაეწყო სტიმულის ამ ახალ მოდელზე. არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა სწორედ ე.წ „ფიდინგ პრემიუმის“ მოდელზე. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო პოპულარული გახდება აღნიშნული სტიმულის გეგმა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მთავრობამ ელექტროსადგურების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, ე.წ „ფიდინგ პრემიუმის“ მოდელი 2020 წელს დაამტკიცა. გასულ წელს შეიქმნა ენერგეტიკული ბირჟა, სადაც საათობრივი ვაჭრობა მიმდინარეობს. ამ ბირჟაზე მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესტიციის მსურველი ადამიანები და კომპანიები ვაჭრობენ და იქ მიღებულ შემოსავალთან ერთად, იღებენ, სულ მცირე, 1.5 ცენტს გამომუშავებული ელექტროენერგიის 1 კილოვატ საათზე. ე.წ „ფიდინგ პრემიუმი“ ევროპული პრაქტიკაა, რომლის წყალობითაც, ენერგეტიკული სექტორი საინვესტიციოდ მიმზიდველი ხდება.