logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა „ღია საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
- +

7 ივნისი. 2021. 13:44

 

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ღია საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას გულისხმობს.

 

დოკუმენტი სამართლებრივ საკითხთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ოფიციალურმა მოსკოვმა შეთანხმებიდან გასვლის პროცესი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა დატოვა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეთანხმების დასატოვებლად „გამოგონილი საბაბი“ გამოიყენა. მანამდე, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და ის ამერიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენა. უკვე მაისის ბოლოს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსულ მხარეს შეატყობინა, რომ „ღია საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებაში დაბრუნებას აღარ გეგმავს.

 

„ღია საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმება 1992 წელს გაფორმდა. მასში 34 ქვეყანა მონაწილეობს. რუსეთის ფედერაცია ხელშეკრულებას 2001 წელს შეუერთდა. ეს ხელშეკრულება მის წევრ მხარეებს აძლევს საშუალებას, შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში შევიდეს და ჰაერიდან ფოტო-ვიდეომასალა გადაუღოს მისთვის საინტერესო სხვადასხვა ინფრასტრუქტურას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner