აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარების საკითხებში.
ქვეყნებს შორის აქტიურია თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ელჩის ვიზიტი აჭარაში, სწორედ ავსტრიული კულტურის კვირეულის ფარგლებში იმართება. დაგეგმილია ქალაქ ბათუმის, აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნა და ცნობილი ავსტრიელი მწერლისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის ბერტა ზუტნერის გამოფენის მოწყობა.