ჟურნალისტი და მკვლევარი ლეილა კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში რეზო გაბრიაძის შესახებ წერს:
„ერთი ამბავი უდიდეს ქართველ ხელოვანზე, საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორ რეზო გაბრიაძეზე...
„დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“, -რეზო გაბრიაძის წასვლამ ცრემლები უხახვოდაც გვადინა...
უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, როცა სახტელერადიოკომიტეტში რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარ რედაქციაში რედაქტორად დავინიშნე. ივნისის თვე იყო და რადგანაც რეზო გაბრიაძის იუბილე ახლოვდებოდა, მთავარ რედაქტორს შევუთანხმდი და რეზო გაბრიაძესთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. ბატონმა მიხო კოპალეიშვილმა მითხრა, არ დაგთანხმდება, თან ასე უცებ ვერც მოასწრებო.
-რას ჰქვია, არ დამთანხმდება-მეთქი? - ვიუკადრისე.
მივედი მარიონეტების თეატრში (მაშინ ასე ერქვა თეატრს, რომელიც 1980 წელს დააარსა რეზო გაბრიაძემ). შევთანხმდით, დავთქვით ინტერვიუს ჩაწერის დღე.
დილით ვურეკავ და მეუბნება, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, დღეს გასვენებაში მივდივარ და სხვა დროისთვის გადავდოთო. ეგრევე დავურეკე მხატვარ თენგიზ მირზაშვილს-ჩუბჩიკას (სად იყო მაშინ მობილურები, სახლის ტელეფონზე ვპოულობდით რესპონდენტებს).
-ბატონი რეზო სად შეიძლება ვნახო, ინტერვიუ მინდა ჩავწერო და დამეხმარეთ-მეთქი. თენგიზ მირზაშვილმა ეგრევე მითხრა, დღეს, საღამოს, თეატრში ვიქნებით მე და რეზოო.
მეც მეტი რა მინდოდა და ზუსტად იმ დროს, როცა კაბინეტში ისხდნენ, კარები შევუღე..... გამომკითხა, როგორ მიხვდი, რომ მოგატყუეო. თენგიზ მირზაშვილისკენ არც გამიხედავს, ისე ვუპასუხე, თქვენც ჟურნალისტი ხართ და როცა ვინმეს ან რაიმეს ეძებთ, ხომ აუცილებლად პოულობთ-მეთქი...
მერე ერთად ვიცინეთ და ინტერვიუც ჩავწერე. მაშინ მხოლოდ სამი სპექტაკლი ჰქონდა დადგმული გაბრიაძეს მარიონეტებში: „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ და „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“...
რეზო გაბრიაძის ფილმოგრაფია კი საკმაოდ მდიდარია:
მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმები: „არაჩვეულებრივი გამოფენა“(1968), „არ იდარდო“(1968), „სერენადა“(1969), „ბურთი, ხელთათმანი და კაპიტანი“(1969, კინონოველა „ფეოლა“ გ. ჩარკვიანთან ერთად), „ქვევრი“(1970), „თეთრი ქარავანი“(1972), „შერეკილები“(1973), „სიყვარულო, ძალსა შენსა“(1975), „ხანძარი, სიყვარული და პომპიერო“(1976, გ. პატარაიასთან ერთად), „მიმინო“(1977, „მოსფილმი“), „დიუმა კავკასიაში“(1979, მ. გორკის სახ. კინოსტუდია), „ქინ-ძა-ძა“(1986, „მოსფილმი“, გ. დანელიასთან ერთად) და სხვ. ავტორია მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების ციკლისა „გზა“(1974-1978). ამ ციკლში შევიდა ფილმები: „ნიძლავი“, „სამი მანეთი“, „პეპელა“, „იღბალი“ და სხვ. რეჟისორ ა. დარსაველიძესთან ერთად გადაიღო ფილმები: „კავკასიური რომანსი“(1975), „ლიმონის ტორტი“(1977) და „მწვერვალთა დამპყრობნი“(1977); გ. თოფურიასთან ერთად - „კოჯრის ტყის სიზმრები“(1978). იგი ავტორია აგრეთვე პიესებისა „ფეოლა“ და „ხანუმა პარიზში“(1975).
მის მხატვრობასა და წიგნების ილუსტრაციებზე არაფერს ვამბობ...
მრავალი პრიზის მფლობელია, ერთ-ერთი გამორჩეული და საამაყო მისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორის წოდება იყო....
ეჰ, ესეც წავიდა.... ცრემლები უხახვოდაც გვადინა....“ - წერს ლეილა კვირიკაშვილი.