როჯერ კოჰენი : თურქეთის გადატრიალება, რომელიც არ შედგა.
გადატრიალების მცდელობის მარცხის შემდეგ, თურქეთი ცდილობს ამ აქტის უუნარობის გაანალიზებას: სერიოზული მცდელობა არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის ან პარალიზების არ ყოფილა, არც მომზადებული ლიდერი, რომელიც ჩაერეოდა, არც კომუნიკაციის სტრატეგია (ან თუნდაც სოციალური მედიის ცოდნა) არსებობდა.
არ იყო უნარი მოეხდინათ კრიტიკული მასის მობილიზება შეიარაღებული ძალების ან საზოგადოების შიგნით. ამის ნაცვლად იყო ოცეულის უიღბლო ჯარისკაცები სტამბულში, ბოსფორის ხიდზე და ანკარაში რამდენიმე სამთავრობო შენობის შეუთანხმებელი მიზანში ამოღება.
ეს საკმარისი იყო პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისთვის, თავის მობილურის FaceTime-ში ესაუბრა და მოეწოდებინა მხარდამჭერებისთვის ქუჩაში გამოსულიყვნენ ამბოხების წინააღმდეგ.
ის, რომ ერდოღანი უეჭველად იქნება ამ არეულობის მთავარი ბენეფიციარი და რომ იგი მას გამოიყენებს ავტორიტარული ისლამისტური თურქეთისთვის შემდგომი ბიძგისთვის, არ ნიშნავს იმას, რომ მან ეს ყველაფერი დადგა.
თურქეთის ჯარი საზოგადოებისგან იზოლირებული რჩება. სრულიად სარწმუნოა, რომ ოფიცერთა ვიწრო წრეს სჯეროდა, რომ პოლარიზებული და უკმაყოფილო საზოგადოება აღდგებოდა, როგორც კი მას ამის სიგნალი მიეცემოდა. თუ ეს ასეა, ისინი ცდებოდნენ და ეს შეცდომა 260-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლედ დაჯდა.
მაგრამ ერდოღანის თურქეთში გასაკვირი არ არის, რომ არსებობს შეთქმულების თეორიები.
2015 წლის ივნისში საარჩევნო რეგრესის შემდეგ, პრეზიდენტი მართავს თურქეთს, რომელიც უფრო ძალადობრივია. ამ საშიშმა ტენდენციამ მას ნოემბერში მეორე არჩევნებში რეაბილიტაციის საშუალება მისცა - საკუთარი თავი იმ ადამიანად წარმოაჩინოს, ვისაც არეულობის თავიდან არიდება ძალუძს.
მის მიერ მუსულმანი სასულიერო პირის, ერთ დროს მისი მოკავშირის, აშშ-ში, პენსილვანიაში მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულება არაგამჭვირვალეობის და ინტრიგის მოდელის ნაწილია.
ის, რაც ამ ბურუსში უფრო ნათლად ჩანს არის შემდეგი:
გადატრიალებიდან 35 წლის და 1997 წლის სამხედრო ინტერვენციიდან თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, თურქებს აღარ უნდათ მერყევ სამხედრო და სამოქალაქო წესებთან დაბრუნება, რომელიც ქვეყანას 1960-დან 1980 წლამდე ახასიათებდა. პირიქით, ისინი შეთვისებულები არიან დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და კონსტიტუციურ წესრიგთან.
არმია - ქემალ ათათურქის სეკულარული წესრიგის საყრდენი, შედარებით სუსტია. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია გმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. როგორიც არ უნდა იყოს მათი მზარდი აღშფოთება პრეზიდენტის წინააღმდეგ, თურქებს აღარ სურთ უკან სვლა. წარმატებული გადატრიალება კატასტროფა იქნებოდა.
ერდოღანს მასიური მხარდაჭერა აქვს ანატოლიის გულში, განსაკუთრებით რელიგიურ კონსერვატორებში. მეჩეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით განათდა ღამით, რადგან იმამები უმალ გამოეხმაურნენ პრეზიდენტის მოწოდებას ადამიანები ქუჩებში გამოსულიყვნენ. იმაზე დარტყმა, რაც ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული ინსტიტუტებისგან და კანონის უზენაესობისგან დარჩა დამანგრეველი იქნებოდა. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი ობამა და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი "დაეთანხმნენ, რომ თურქეთში ყველა მხარემ უნდა დაუჭიროს მხარი დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ძალადობრივი სისხლისღვრა."
პრობლემა ისაა, რომ "თავშეკავება" არ არის ერდოღანის ლექსიკის შემადგენელი ნაწილი. როგორც ფილიპ გორდონმა, ახლო აღმოსავლეთში ობამას ყოფილმა სპეციალურმა თანაშემწემ მითხრა: "იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა დაყოფის გასამთელებლად, ერდოღანი საპირისპიროს აკეთებს: ზღუდავს პრესას და სხვა თავისუფლებებს და კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების აკუმულირებას ახდენს".
რამდენიმე საათში, 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს და 2 745 მოსამართლე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. სავარაუდოდ, უკვე დაყოფილი საზოგადოება კიდევ უფრო გაიხლიჩება. სეკულარული თურქეთი სწრაფად ვერ დაივიწყებს "ალაჰ აკბარის" ყვირილის ხმას, რომელიც გადატრიალების მცდელობის ღამეს ზოგიერთი მეჩეთიდან და ქუჩაში ხალხთა მასებიდან მოდიოდა.
ერდოღანის მიერ სწრაფი ბიძგი რეფერენდუმის გზით კონსტიტუციის რეფორმირებაზე და ფართო უფლებების მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნაზე შესაძლებელია. მას ახლა აქვს სათქმელად შემთხვევა, რომ მხოლოდ ასეთ ძალაუფლებას შეუძლია მტრების ჩიხში მოქცევის შენარჩუნება.
ობამას ადმინისტრაციისთვის, ახლო აღმოსავლეთის დილემები უფრო ნათლად ილუსტრირებული ვერ იქნებოდა. როდესაც ეგვიპტელი გენერალი აბდელ ფათა ელ-სისი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო გადატრიალებას სამი წლის წინ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის წინააღმდეგ, ობამამ მხარი არ დაუჭირა დემოკრატიულ მთავრობას, იმისგან განსხვავებით, რაც ახლა გააკეთა თურქეთთან მიმართებაში.
ადმინისტრაციამ ეგვიპტეში თავიდანაც კი აიცილა სიტყვა "გადატრიალების" გამოყენება . ფაქტობრივად, პრეზიდენტი გენერლების მხარეს დადგა წესრიგის სახელით. სინამდვილეში მორსი ძალიან არაპოპულარული იყო. ეგვიპტის გადატრიალებას ჰქონდა მასიური მხარდაჭერა. იმ დროს, როდესაც ობამამ ეს განცხადება გააკეთა, ეს იყო უკვე შემდგარი ფაქტი. მიუხედავად ამისა, პრინციპები ახლო აღმოსავლეთში ცოტა ღირს. პოლიტიკა ხშირად ნაკლებად ცუდ ვარიანტზე არჩევანის გაკეთებაა. თურქეთში ნაკლებად ცუდმა - ერდოღანის გადარჩენამ გაიმარჯვა. ეს არ ნიშნავს, რომ გაცილებით უარესი შეიძლება არ მოყვეს ამას. წარუმატებელი გადატრიალება იმას არ ნიშნავს, რომ დემოკრატია არის გამარჯვებული. ყველაზე ცუდი, რაც ამ დიქტატორშია, შეიძლება ახლა თურქეთზე გადმოვიდეს, ამერიკას და მის მოკავშირეებს კი რამის გაკეთება ნაკლებად შეეძლებათ.