“რასაც ვამბობდით ამ ხნის განმავლობაში, ახდა - "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის გვერდითა შესასვლელიდან დარცხვენილად შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. ამას არ სჭირდებოდა დიდი "წინასწარმეტყველება". ეს გარდუვალი იყო ამ დესტრუქციული ძალის უპრინციპობიდან გამომდინარე”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
“ამ პარტიის კოლექტიური სახელწოდება გახდა 'პუფი', რომელიც დასაჯდომის გარდა არის ფეხების ანდა ნივთების დასადები საგანი. ზუსტად ის შემოუბრუნდათ, რასაც მათ კოლეგებზე ამბობდნენ დაუმსახურებლად. მათი პარლამენტში შესვლის ე.წ. არგუმენტი, რომ ივანიშვილს "გაუმწარებენ ცხოვრებას" საღლიცინო კი არა და სახარხარო თემად იქცა. არ მგონია, რომ სააკაშვილის პარტია პარლამენტში საქმიანი იქნება. ვნახავთ მორიგი იაფფასიან, პოლიტიკურ საცირკო ნომრებს, დესტრუქციულ შაპიტოს და ა.შ. მათთვის სავალალო შედეგებს კი, კვლავ იხილავენ ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" დამფუძნებლის 7 ივნისის განცხადებას. პოლიტიკიდან წასული, ბიზნესმენი ბიძინა ივინიშვილი იმდენად შეაწუხეს გახარიას პარტიის გარშემო სპეკულაციებით, რომ მას მოუწია ხაზგასმით ეთქვა - გიორგი გახარია და პარტია "საქართველოსთვის" არ არის მისი პოლიტიკური პროექტი! მეტიც, ივანიშვილმა საკმაოდ მძიმე ბრალდება წაუყენა ექს-პრემიერს, რომ ის არის საკუთარი გუნდის, ქვეყნის მოღალატე და აშკარად მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი "ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.
მიმაჩნია, რომ ამ განცხადებით, გახარიას გარშემო ყველა მითქმა-მოთქმას დაესვა წერტილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ წონადობის პირველი მაჩვენებელი კი, ოქტომბრის არჩევნებში გამოჩნდება.
მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მომავალში ჩაერთვება ადგილობრივ არჩევნებში ანდა სხვა პოლიტიკურ პროცესებში. მისი აქტივობა შემოიფარგლება მხოლოდ რიგითი ამომრჩევლობით და ეს მისი ამგვარი პოზიციონირება მკაფიოდაა ნათქვამი 2021 წლის 11 იანვრის წერილში”, - წერს ანალიტიკოსი.