„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ბოლო წლებში მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, განსაკუთრებით ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად, 2018-19 წლებში მიჩნეული იყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად, რამაც, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დააყენა მისი სწრაფად განახლების განხორციელება და პანდემიის მიუხედავად, ერთი დღითაც არ შეფერხებულა ეს პროექტი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია.
„პანდემიამდე ქუთაისის აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია დაფრინავდა 33 მიმართულებით, ხოლო წელს, მაისის მდგომარეობით, უკვე სამი ავიაკომპანია დაფრინავს 25 მიმართულებით და ეს პროცესი გრძელდება ბაზრის გახსნისა და პანდემიის დაძლევის კვალობაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეულები სტუმრები ესწრებოდნენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა შიდა ინტერიერის მოწყობა და გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო. განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. „მწვანე გადახურვა“ და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი და საათში 1200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობასთან შედარებით ოთხჯერ მეტია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად განახლებული აეროპორტის მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში ორნახევარ მილიონამდე გაიზრდება.