ექსპერტი ამირან სალუქვაძე ყოფილი პრემიერის მიერ ნეპოტიზმთან და კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ხმაურიანს და გაუგებარს უწოდებს, რადგან გიორგი გახარიამ კონკრეტული ფაქტები ვერ დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ რისკებს გულისხმობდა.
მისი თქმით, გახარიას გუნდის წევრები ვერაფერს ასაბუთებენ, ამის პარალელურად კი თავად მათ მიმართ გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ მზად არ არიან.
„გიორგი გახარიამ გუშინდელ ინტერვიუშიც ვერ დაასახელა კონკრეტული ფაქტები ვერც ნეპოტიზმის, ვერც კორუფციის და აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა რისკებზე.
რისკებსა და არსებობას შორის დიდი განსხვავებაა. თუ იმაზე საუბრობდა, რომ ამ სისტემაში შესაძლოა, მოხდეს კორუფცია, მაშინ რა გაკეთდა ამ რისკების წინააღმდეგ, თუ სამომავლოდ გვაფრთხილებს?
ასეთი განცხადებები როცა კეთდება, უნდა იყოს დასაბუთებული, რადგან ეს ხომ კონკრეტულ აღქმას იწვევს. როცა დეპუტატმა ლილუაშვილმა გააკეთა ეს განცხადება, საზოგადოებამ აღიქვა ისე, თითქოს მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებდა კორუფციასა და ნეპოტიზმში. ახლა კი ვსაუბრობთ კორუფციულ რისკებზე. ეს არის გაუგებრობა.
როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ, უნდა სცოდნოდათ და მზად უნდა ყოფილიყვნენ იმისთვის, რომ საპასუხო შეტევას მიიღებდნენ. როგორც ჩანს, ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად მზად არ აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ეს არ გაუთვლიათ. როცა ვინმეს რამეში ადანაშაულებ, თვითონ უნდა იყო ამ საკითხში სუფთა“, - განაცხადა ექსპერტმა.
ექსპერტი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გიორგი გახარიას ნეპოტისტურ ქსელთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას მოუწევს ახსნა- განმარტება, არის თუ არა ეს ნეპოტიზმის შედეგი.
„როცა ათეულობით ადამიანთან დაკავშირებით ისმის კითხვა, ამას სჭირდება ახსნა. მაშინ უნდა ახსნან, რომ ნეპოტიზმი, ისევე როგორც კორუფცია, არ ყოფილა და მათ რისკები იგულისხმეს.
მათ თავიანთი ბრალდებებით ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადეს და ახლა იღებენ პასუხებს. უნდა ახსნან, რა იგულისხმეს და თქვან, ნეპოტიზმი არის თუ არ არის. განწყობები, ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს, რომ თუ ნაცნობი არ გყავს, ვერ დასაქმდები. ამ განწყობების ფონზე, როცა რამდენიმე ათეულ ადამიანს პოულობენ მის გარემოცვაში საჯარო უწყებებში დასაქმებულს, როგორ უნდა დააჯერო მოსახლეობა, რომ ნეპოტიზმით არ არის ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ამას ვერავის დააჯერებ. ამიტომ თავადვე არ უნდა დაეწყოთ ეს ყველაფერი.
როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ სისტემის გასაუმჯობესებლად, რომ ნიჭიერ ადამიანს თავისი გზის პოვნა შეეძლოს. ჰკითხეთ გახარიას გუნდის იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან, თავად სამართლიანად მოხვდნენ პარლამენტში თუ ნეპოტიზმით?“ - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
იგი გახარიასა და მისი პარტიის წევრებს „იაფფასიან ტრიუკებისა“ და ხმაურიანი განცხადებებისგან თავშეკავებას ურჩევს, რადგან სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავებადია.
„იაფფასიანი ტრიუკები საჭირო არაა, ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი სკდება და უკან გიბრუნდება. ადამიანები არ არიან ისე დაბეჩავებული, რომ საინფორმაციო ვაკუუმში მოაქციო და ის დააჯერო, რაც შენ გინდა, რადგან ციფრული სამყაროა. როცა ასეთ იაფფასიან თემას შემოაგდებ, ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდება.
შეიძლება იმ ადამიანებს, ვინც სიუჟეტში ჩამოთვალეს, სამსახურის დაწყებაში არავინ მიხმარებია, მაგრამ როცა მათი ახლობელი აცხადებს ამას, რომ ნეპოტიზმი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამ ადამიანებს ავტომატურად დარტყმის ქვეშ აყენებს. ამავე დროს საზოგადოებას შენს სიმართლესა და გულწრფელობაში უკვე ეჭვი ეპარებათ და რომ იტყვი, არ დავხმარებივარო, ამას არ დაგიჯერებენ. საზოგადოება ამას არ დაიჯერებს. ამიტომ უმჯობესია, სისტემის დახვეწაზე იმუშაონ და ნაკლები ხმაურიანი განცხადებები აკეთონ“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.