logo_geo
eng_logo
მეთიუ ბრაიზა: „ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს
- +

18 ივლისი. 2016. 11:27



ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან  ინტერვიუში ამბობს, რომ თურქეთში „ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს.



„შეერთებული შტატები სრულ თანადგომას უცხადებს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ სამოქალაქო მთავრობას. მოსამართლეების ერთი მესამედი დაკავებულია, ჯერჯერობით უცნობია დაკავების საფუძველი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გრძელდება წნეხი ამერიკის სამხედროებზე, თურქეთის მთავრობა მათ საშუალებას არ აძლევს, „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩაატარონ თურქეთის „ინჯირლიკის" ბაზიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბაზას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია", - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.


კითხვაზე, თუ რა გავლენას იქონიებს არშემდგარი ამბოხი ედროღანის მმართველობაზე და მოსალოდნელია თუ არა მისი მმართველობის გაძლიერება და ოპოზიციაზე წნეხის გაზრდა, ბრაიზა პასუხობს, რომ ერდოღანი მომენტით სარგებლობს.

 

„სახეზეა პრეზიდენტის ძალის კონსოლიდირება, ეს გამოიხატება მოსამართლეების დაკავებაში, რამდენიმე ათასი ჯარისკაცია დაკავებული, მომდევნო ეტაპი ალბათ კონსტიტუციის შეცვლა იქნება, რაზეც ერდოღანი დიდი ხანია საუბრობს და ამით ქვეყნის პოლიტიკური სისტემა შეიცვლება, სადაც პრეზიდენტს ყველაზე მეტი ძალა ექნება. თურქეთის სამივე ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა და სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო. ნათელია, რომ ერდოღანი ამ მომენტით ისარგებლებს და პოზიციებს გაიმყარებს.

 

თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, ამერიკაში დევნილობაში მყოფ ფეთჰულა გიულენს და მის მოძრაობას ადანაშაულებს. ამბოხებიდან მალევე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ერდოღანმა თქვა, რომ არ შეიძლება „თურქეთის პენსილვანიიდან მართვა".

 

წარსულში ერდოღანის მოკავშირე სასულიერო პირი უკვე 17 წელია პენსილვანიაში ცხოვრობს. გიულენის ორგანიზაცია ერდოღანმა მაისში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, მისი მიმდევრები კი თანამდებობიდან დაითხოვა.

 

ამბოხების შემდეგ, თურქეთის მთავრობა გიულენის ექსტრადიციას ითხოვს, პრეზიდენტმა ერდოღანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გიულენის პასუხისგებაში მიცემაში არ დაეხმარება, თურქეთის მტერია.

 

თუ ბერკეტების მსგავსი ბრძოლა გაგრძელდა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ძალიან პესიმისტური მოლოდინები მაქვს. სულ ცოტა ხნის NATO-ს სამიტზე განიხილავდნენ, როგორ დაეცვათ თურქეთი მეხუთე მუხლით „ისლამური სახელმწიფოსგან", დღეს კი თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს NATO-ს ლიდერ ქვეყანას, შეერთებულ შტატებს. ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა", - ამბობს მეთიუ ბრაიზა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner