ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანების შედეგად, ქუთაისის აეროპორტს ერთიანი ტერმინალი აქვს, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებითა და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა, მარიამ ყარყარაშვილმა იმუშავა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.
გაფართოების შედეგად, ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე, მგზავრთა გამტარუნარიანობა კი წელიწადში 2-ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.
ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10-დან 18-მდე გაიზარდა, რომელთაგან ორი ე.წ. baggage drop off-ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.
6-დან 11-მდე გაიზარდა სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა გაფრენის ზონაში, ხოლო მოფრენის მხარეს – 8-დან 14-მდე.
აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.
კომერციული ფართების რაოდენობა ძველ ტერმინალში თუ 200 კვ მეტრს მოიცავდა, განახლებულ ტერმინალში მათი კვადრატულობა 2000-მდე გაიზარდა. განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა.
განახლებული ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. აეროპორტის გაფართოების პროექტზე დასაქმებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი.