2010 წელს მარიონეტების თეატრის გვერდით რეზო გაბრიაძემ უნიკალური საათიანი კოშკი ააშენა
ყოველი საათის ბოლოს, მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის“ ნახვა.
კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკული პანოა განთავსებული, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა. კოშკი თბილისის მთავარ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობად იქცა.
რეზო გაბრიაძე კოშკის მშენებლობის შესახებ:
“კოშკის მშენებლობა, რომ დავიწყე, თითქოს დამსვეს რაღაც მანქანაზე, რომელიც მოგზაურობს დროში. ასე აღმოვჩნდი სადღაც X-XIII საუკუნეში, შორეულ და ზღაპრულ ბიზანტიაში. კოშკი უნდა ჩაწერილიყო არსებულ დროსა და სივრცეში.
ჩემი მაგიდა აივსო ორნამენტებით სავსე წიგნებით. იმ ორნამენტებით, რომლებიც ასე უხვად დაუტოვა ბიზანტიამ სამყაროს.
მე ვიმოგზაურე შუა საუკუნეებში და მინდა გითხრათ, რომ ისინი არც ისე ბნელი ყოფილა. და თუ იყო გარკვეული სიბნელე ეს ჩვენი საქმე არ არის. ამასთან დაკავშირებით სჯობს დუმილი შევინარჩუნოთ.
მაგრამ ვინ ააშენებს? სად ვეძებო ეს ხალხი? ერთი კედლიდან გამოვიდა, მეორე კი ავტობუსიდან ჩამოვიდა.
ერთს ოთარი ერქვა (ოთარ მაგრაქველიძე), ჩემი ხნის კაცი, სამოცდაათს გადაცილებული ან ოთხმოცს მიახლოებული. იმათგანი ვინც ჯგუფურ სურათებში სულ კიდეში ხვდება და სანახევროდ სახეჩამოჭრილი გამოდის.
მშენებლობებზე მან სულ 50 წელი გაატარა და ორმოცდაათივე წელი მუშად. ლამაზი კარიერაა! ჩვენ დავმეგობრდით. დღესაც ვმეგობრობთ და უკვე სამუდამოდ, ისე როგორც ბავშვობაში მეგობრობენ ხოლმე.
მეორეს ერქვა ავთანდილი (ავთანდილ ლეჟავა). ის 1300 ან 1500 წლის იქნებოდა. ხასიათით მდუმარე და არაკონკრეტული. მორცხვი ღიმილით გარიდებდათ თვალს და მზერა გადაჰქონდა არაფრით გამორჩეული სახლის კუთხეზე. ხუთ სიტყვაზე უფრო გრძელი ფრაზები მას თრგუნავდა. ის ჩვენთან დასავლეთ საქართველოში სოფლის ეკლესიის მშენებლობის შემდეგ მოვიდა. ინსტრუმენტებიანი ჩანთითა და ბოხჩით, როგორც XII საუკუნეში. სხვა დანარჩენი კი ცოლმა მოუტანა, უკმაყოფილო თავის ქნევით.
მე მეხმარებოდნენ ინჟინრები – ზურაბ ჯაფარიძე, გელა ჯანგირაშვილი, არჩილ ჯაფარიძე, კოტე ოდიშვილი და სხვ. მათ გადაჰყავდათ ჩემი ნახატები და იდეები თანამედროვე და მშენებლებისთვის გასაგები ნახაზების ენაზე. რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ”.