“გენერალურ გეგმას ახლავს ტექსტური ნაწილი და სხვა დოკუმენტები, მათ შორის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებები და პროექტები. მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებში სწორედ ეს არის დასახული, რომ 10-11 კვადრატზე ავიდეს 1 ადამიანზე მოსული მწვანე ნარგავები”, - ამის შესახებ თბილისის გენგეგმის ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ “იმედის” გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, არის პარკები, რომელთა განახლებაც აუცილებელია.
„დედა-ენის პარკში, ვაკის პარკში მიმდინარეობს განახლებები. ვეტერანთა პარკი განახლდა. კუს ტბის ფერდობებზე მიდის გამწვანების განახლება. იპოდრომის პარკი საქალაქო პარკად უნდა გადაიქცეს. ამის ფონზე არის ახალი პარკები დაგეგმილი, მათ შორის არის თექმის პარკი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მდინარის გახსნით კეთდება, რაც გენგეგმის კონცეფციაა“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.