logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: დღეს მის გარეშე თბილისი ვერც კი წარმომიდგენია...
- +

10 ივნისი. 2021. 14:57

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

სწორედ დღეს შეუსრულდებოდა ბატონ მერაბ ბერძენიშვილს 93 წელი...

 

ქართული ენა საოცარი ენაა...   ყოვლისმომცველი და უმდიდრესი...

 

როცა ამბობ - ლამაზი კაცი - ეს გულისხმობს ყველანაირ სილამაზეს - სულიერს, ემოციურს, ადამიანურს, ფიზიკურს...

 

ბატონი მერაბ ბერძენიშვილი ძალიან ლამაზი კაცი იყო...

 

სადაც კი გამოჩნდებოდა, ყურადღების ცენტრში ექცეოდა...

 

ზოგჯერ ასე მგონია, რომ ყველას იცნობდა და მასაც ყველა იცნობდა...

 

ხომ იცით, ზოგჯერ ნაცნობობისთვის ხელის ჩამორთმევა სულ არ არის საჭირო ...

 

შეხედავ - გულით იგრძნობ, რომ ბოლომდე  შენიანია და ნაცნობობაა, აბა რა...

 

არსებობენ განსაკუთრებული აურის ადამიანები, სითბოს რომ აფრქვევენ და ახლოს რომ გინდა მიიჩოჩო,... იმისთვის კი არა, რომ წაართვა...

 

უბრალოდ, მორიდებით რომ გამოართვა, რადგანაც ამ სითბოს რომ გვიწილადებენ, კიდევ უფრო მეტი სითბო გამოუმუშავდებათ  სხვებისთვის...

 

გუშინ საოცარ ფოტოს გადავაწყდი - მერაბ ბერძენიშვილი და ნოდარ დუმბაძე გულრიფშში...

 

 

 

როგორი ერთნაირად მორიდებულები დგანან...

 

ვითომაც, არაფერი... ვითომ, ჩვეულებრივი ადამიანები არიან...

 

სწორედ ამაშია მათი არაჩვეულებრიობა...

 

უცებ შუაში ჩადგომა მომინდა, უსინდისოდ...

 

წარმომიდგენია, რამდენი წლის სიცოცხლე მომემატებოდა მათი ორი აურის გადაკვეთის ეპიცენტრში!!!

 

მერამდენე წელია, ზაფხულის დადგომისას, ყოველთვის თავს მახსენებს ერთი ქრონიკული ტკივილი, რომელიც ყველას გვაწუხებს...

 

ეს აფხაზეთია...

 

ხომ იცით, განუკურნებელი სენი არ არსებობს, მთავარია მოესწრო მისგან წამლის გამოგონებას...

 

და როცა მახსენდება აფხაზეთი, ერთერთ პირველ კადრად ჩნდება  ლამაზი აგარაკი, სადაც პატარა რომ ვიყავი, წავედით სოხუმიდან დედა, მამა და მე...

 

იქ დაგხვდნენ ჩემი ჯემალიკოს  მეგობრები და ბევრი ბავშვები...

 

მახსოვს, რომ ისეთი გემრიელი დღე გავატარე, უკან სოხუმის საყვარელ სანატორიუმში წასვლა აღარც მინდოდა...

 

ეს იყო ბატონი მერაბ ბერძენიშვილის აგარაკი... მისი ულამაზესი მეუღლე, კირა მიქელაძე კი ჩემი მამიკოს და მისი მეგობრების უახლოესი მეგობარი იყო და ზაფხულობით მკაცრად მამებს (!!!) ბავშვები მასთან ჩაჰყავდათ...

 

წარმოიდგინეთ, ზოგჯერ საკუთარი ბავშვებისგან დასვენებაც გინდება ხოლმე, მაგრამ მერაბი და კირა ასეთები იყვნენ...

 

ისე საოცრად უხდებოდნენ და ავსებდნენ  ერთმანეთს...

 

ისეთი სიყვარული იყო მათ ყველა ჟესტში, ხუმრობაში და გამოხედვაში...

 

ფოტოზე, რომელიც ვიპოვე, მათ გვერდით არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალბატონი, ვინც შემხვედრია, ნათელა ლაღიძე...

 

კიდევ რამდენი მაქვს დასაწერი და გასახსენებელი და ჯერ კიდევ მის ქანდაკებამდე ვერც მივედი...

 

შეიძლება ვცდილობ, დრო გავწელო, რადგანაც სულ არა ვარ ამაში პროფესიონალი...

 

შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ბატონი მერაბის „დავით გურამიშვილი“ გულში მყავს, იმდენად ჩემია...

 

რამდენჯერ მივსულვარ მასთან და მისაუბრია...

 

მორიდებულია და მიმტევებელი...

 

მიყვარს ბატონი მერაბის შესანიშნავი „მუზა“... დღეს მის გარეშე თბილისი ვერც კი წარმომიდგენია...

 

უცებ ერთი აზრი გამიჩნდა... ბატონი მერაბი, რაღა თქმა უნდა, თბილისის საპატიო მოქალაქე იყო და ნეტავი, თუ არსებობს პრაქტიკაში იმის მაგალითი, რომ საპატიო მოქალაქის წოდება ქანდაკებას მიანიჭო?  პირველ რიგში, ქალბატონ მუზას დავასახელებდი, ოღონდ აუცილებლად ელგუჯა ამაშუკელის „ქართლის დედასთან“ ერთად......

 

ქალბატონებით დავიწყოთ, ქართველებს ასე სჩვევიათ...

 

საოცარია ბატონი მერაბის „ფალიაშვილი“... თან დღევანდელი და თან მთელი წარსულის მომცველი,  ჩემთვის ხომ განსაკუთრებით ძვირფასია...

 

მოგეხსენებათ,  ზურიკო არის იქვე დაკრძალული  და ასე მგონია, ზაქარია ბატონი მიხედავს და დაიცავს...

 

და საერთოდ, სანამ საქართველოს იცავს ვახტანგ გორგასალი და  გიორგი სააკაძე, სანამ დგას „კიდევაც დაიზრდებიან“, ბატონი ვაჟა აზარაშვილის და გიზო ნიშნიანიძის საოცარი სიმღერის ფონზე, ყველაფერი კარგად გვექნება...

 

მე მხოლოდ 2 კაცი მეცოდება... ერთი - ბატონი მერაბის შექმნილი ძეგლის  დანგრევას და მეორე, რომელმაც რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვებას  ხელი რომ მოაწერა...

 

იცით, რატომ მეცოდებიან? ხელიც რომ არ აუკანკალდათ, გულზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

 

ბატონი მერაბის ახლობლები კი ყვებიან, რომ ის პირველად 2009 წელს გარდაიცვალა...

 

ბატონ მერაბს უამრავი წოდება და ჯილდო აქვს მიღებული... მე ერთს დავასახელებ -  ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის ამაზე მეტი დაფასება რა უნდა მიიღოს ადამიანმა...

 

ვიცი, რომ გულნატკენი წავიდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბიჭვინთაში რომ დგას მისი მედეას ქანდაკება - ხელუხლებელი( !!!),  სწორედ ის დაგვიფარავს და აფხაზეთში ლამაზად დაგვაბრუნებს...

 

არ შეიძლება, სხვანაირად რომ მოხდეს... რადგანაც სხვანაირად არ ხდება იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი ადამიანები იბადებიან...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner