სად და როგორ გაუჩნდა რეზო გაბრიაძეს მარიონეტების თეატრის შექმნის იდეა - ისტორია რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა "ღამის კურიერის" ეთერში გაიხსენა:
"ჩვენ სახლში არის დიდი ბუფეტი, რომელიც დიდედაჩემის პაპამ ჩამოიტანა ნაწილ-ნაწილ ჩინეთიდან და 1902 წლიდან დგას ამ სახლში. ბევრი არაფერი ეტევა, მაგრამ გამოქვაბულივით აქვს გამოღრუტნული, 70-იანების მეორე ნახევარში ერთხელ მოვიდა და თქვა, მე აქ თეატრი უნდა გავაკეთოო, სიცილი დააყარეს აქ ვინ შეეტევაო. დაფიქრდა და თოჯინები შეეტევაო, მაყურებელი იქნება არჩილი და ასტამურიო - ჩემი ძმა და კიდევ ერთი მაგათი მეგობრის შვილი, დონარა გაყიდის "სემიჩკას" და ნატა გაყიდის ბილეთებსო. ძალიან ბევრი იცინეს ამაზე, ამას იძახდა და იყო რაღაც გაუგონარი ფანტაზია... მერე 1977-ში მამა იყო მექსიკაში, რეზომ დააბარა, რომ ასეთი თოჯინები არსებობს - მარიონეტებიო, მიყიდე ერთი და ჩამომიტანეო და მამამ ჩამოუტანა ალეხანდრო, რომელსაც ჰქონდა 5 ძაფი სულ. ალეხანდრო ახლაცაა მუზეუმში მგონი. ეს იყო 1977-ში, 1981 გახსნა უკვე თეატრი," - აღნიშნა ნინო ახვლედიანმა.