ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გახსნა, სადაც ქუმსიშვილმა დასაქმების კუთხით პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქუმსიშვილმა კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და თემის ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი ინკლუზიური განვითარების წინაპირობაა.
„უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ ეტაპზე, როდესაც დასაქმების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს; გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო - 2020". საყურადღებოა, რომ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნა სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევა, დასაქმების ზრდა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი (კვალიფიციური, პროფესიონალი) კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების განვითარება, პროფესიული უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დაძლევა და მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის მყარი საფუძვლების შექმნა ჩვენი მთავრობის მთავარ გამოწვევას და უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შრომის ბაზრის მოთხოვნა, ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, დინამიურობით და ცვალებადობით ხასიათდება. შესაბამისად, საჭიროა შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების სისტემის არსებობა
საკითხებს, რომელთა განხილვა დღეს ამ კონფერენციის ფარგლებშია დაგეგმილი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რამდენადაც ეს საკითხები ეხება საჯარო-კერძო პარტნიორობას, პროფესიული განათლების სისტემაში სტუდენტების ჩართულობის გაზრდას, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელებს, დასაქმებულთა უნარ-ჩვევების განვითარებას, პროფესიული უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დაძლევას ახალი გამოწვევების შესაბამისად", - განაცხადა ქუმსიშვილმა.