საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ის სისტემატურად უწევდა მფარველობას ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად გადაადგილებას და სანაცვლოდ, თითოეულ ტრანსპორტირებაში, ქრთამის სახით, 300 ლარს იღებდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.