„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თურქეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მოვლენები თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ქმედებების ლოგიკური შედეგი იყო. კასრელიშვილის თქმით, თურქეთში არაფერი დასრულებულა და ყველაფერი ახლა იწყება.
„როდესაც ერდოღანმა ბოდიში მოუხადა პუტინსა და რუსეთს, ეს იყო ბოლო წვეთი, რომელიც ერდოღანის მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალას აავსებდა! თუ გავიხსენებთ ერდოღანის ანტიდასავლურ განცხადებებს, თუ გავიხსენებთ ერდოღანის თავდაპირველ პოზიციას, როცა NATO-ს წევრმა თურქეთმა ალიანსს „ინჯირლიკის" სამხედრო ბაზის გადაცემაზე უარი უთხრა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ერდოღანმა სირიაში თავისი თამაში დაიწყო და ამით კოალიციას ხელი შეუშალა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ერდოღანმა, როგორც ჩანს, დასავლეთის ზურგსუკან მოლაპარაკება დაიწყო რუსეთთან, მაშინ მივხვდებით, რომ, რაც 15 ივლისს თურქეთში მოხდა, ეს იყო მოვლენათა განვითარების ლოგიკური შედეგი.
გარდა ამისა, ერდოღანმა „გადააგდო" „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და რადიკალური ისლამის მიმდევარი კავკასიელი მოჯაჰედები, რომელთა წინაშეც, როგორც ჩანს, ბევრი ვალდებულება აქვს... მოგეხსენებათ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რადიკალური ისლამის მიმდევარ კავკასიელებს თურქეთის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ იყენებს, ერდოღანმა კი პუტინთან საიდუმლო თათბირები დაიწყო... ამ ფაქტს მოჰყვა სტამბოლის ტერაქტი. ჩვენმა ორგანიზაციამ მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ ახლა თურქეთის შიდა ოპოზიციის აქტიურობის ჯერი იყო და როგორც ვხედავთ, შედეგმაც არ დააყოვნა. მოკლედ, თურქეთში აწი ხან შიდა ოპოზიცია გააქტიურდება, ხან - დასავლეთი, ხან - ქურთისტანის პრობლემა და ხანაც - განაწყენებული და ერდოღანის მიერ „გადაგდებული" კავკასიელები! თურქეთში არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება!" - ამბობს ზაალ კასრელიშვილი.