„ევროპული ღირებულებების სირცხვილი ბრძანდებით. პატივცემულო თავდაცვის მინისტრო!" - განცხადებას მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:
„არჩევნების დამთავრებისთანავე, ღამით მცირე რაიონულ ცენტრში ციმციმებიანი შავი ჯიპების ესკორტით რომ შევარდები, თან რამდენიმე ათეული კბილებამდე შეიარაღებული 2-მეტრიანი დაცვის წევრი და სპეცრაზმელი რომ გახლავს, სწრაფად მოძრავი ესკორტის შიშით დედები ბავშვებს სახლებში რომ მალავენ, რაიონის გამგებელი ისე რომაა შეშინებული, სად წავიდეს, არ იცის, მძინარე საგარეჯო რომ გაიღვიძებს, ომი ხომ არ დაიწყოო, საარჩევნო შტაბში რომ შევარდები, ყველას რომ მიწევ-მოწევ და თავად დაიწყებ - თავდაცვის მინისტრი ხმების დათვლას, ხოლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პატარა ბავშვივით კედელზე გყავს მიყენებული, გამაგებინეთ ერთი, რომელი ევროპული დემოკრატიაა ეს? ჩრდილოევროპული, ცენტრალურევროპული, სამხრეთევროპული თუ საერთოდ დასავლეთევროპული??? ევროპული კი არა, აზიის ქვეყანა დამისახელოს, სადაც თავდაცვის მინისტრი თავად ითვლიდეს ხმებს? თენგიზ კიტოვანს (სხვა თავდაცვის მინისტრებზე არაფერი რომ არ ვთქვათ) არ უქნია 1992 წლის ხუნტის არჩევნების დროს საარჩევნო შტაბში შევარდნა და ხმების დათვლა. ევროპული პოლიტიკის ფლაგმანი კი არა, ევროპული ღირებულებების სირცხვილი ბრძანდებით, პატივცემულო თავდაცვის მინისტრო! თქვენ 2012 წლის 1 ოქტომბრის ჩვენი გამარჯვების დემოკრატიული მონაპოვარი შებღალეთ და გააცამტვერეთ. ნეტავ, თავად მაინც არ გრცხვენიათ? თქვენ ევროპული ფასეულობები და დემოკრატია ეკლესიის ლანძღვა და ტრადიციების მოსპობა გგონიათ, ხოლო თქვენი ანუ რესპუბლიკელების ევროპული წარსული საბჭოთა კგბ-თი, გენერალ ინაურთან მონანიების წერილების წერით, საბჭოთა წყობის ქებით, 9 აპრილის შემდგომ კომპარტიის წევრობით, ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით, მართლმადიდებლობის და ეკლესიების დანგრევის მცდელობით იწყება და საგარეჯოში არჩევნების ძალადობრივად, სამარცხვინო ფალსიფიკაციით მთავრდება. თქვენ და ევროპული პოლიტიკა ისე შორს დგახართ, როგორც ჩრდილოეთ კორეა და დემოკრატია, არჩევნების გაყალბება არ იკმარეთ და ახლა ევროპული ღირებულებების ფალსიფიკაციას და დევალვაციას ეწევით! ევროპის სირცხვილი - ეს სახელი უცილობლად გიხდებათ!!!
P.S.ჭკვიანი კაცი იყო ეტყობა გენერალი ინაური, რადგან ათწლეულების წინ გათვალა, ვინ და როდის გამოადგებოდით დედა რუსეთს!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.