სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერ თამაზ გუგოშვილს შეხვდნენ და დაზიანებული ვენახი დაათვალიერეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, თამაზ გუგოშვილს, 29 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 65% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. თამაზ გუგოშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას 37 125 ლარს, სადაზღვევო კომპანიისგან „ალდაგი“ მიიღებს. მან 4,5 ჰა ფართობის 5,736 ლარის ღირებულების დაზღვევის პოლისის შესაძენად, ნახევარი თანხა, 2 868 ლარი გადაიხადა, 50 % თანადაფინანსება კი, სახელმწიფოსგან მიიღო.
„ფერმერებს შეუძლიათ კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა.
კახეთის მხარის რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერებმა გამოიყენონ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი და იყვნენ დაცულები.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2021 წლის 31 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 17 286 შეადგენს, დაზღვეულია 17 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.