ნინოწმინდის პანსიონში სხალთის ეპისკოპოსის მხარდასაჭერად 50-მდე ბავშვი მიიყვანეს. არასრულწლოვნები დაწესებულებაში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ ჩაიყვანა.
„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ არასრულწლოვნები წმინდა გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფის წევრები არიან და ისინი დაწესებულებაში რამდენიმე დღე დარჩებიან. მათივე თქმით, ბავშვები პანსიონში მშობლების თანხმობით იმყოფებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან, ჯამში, 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ერთი ბავშვია.
საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ 5 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
PHR-მა 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყოვნებლივ ყველა ბავშვის გამოყვანა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 4 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამავე განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა. 4 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.