logo_geo
eng_logo
თორნიკე ყიფიანი: კონკურსებში გამარჯვება ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა
- +

13 ივნისი. 2021. 14:39

 

მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას ჯერ კიდევ ებრძვის, თუმცა მიუხედავად ამისა, მის პარალელურად უკვე შეიმჩნევა კონკურსების ჩვეულ ფორმატში ჩატარება. სულ რამდენიმე კვირის წინ როტერდამმა მუსიკალურ ფესტივალს „ევროვიზია 2021“-ს უმასპინძლა. როგორც იცით,  საქართველო წელს თორნიკე ყიფიანმა წარადგინა. სამწუხაროდ ქართველმა მომღერალმა ფინალში გადასვლა ვერ შეძლო და ის კონკურსს მეორე ნახევარფინალიდან გამოეთიშა. თორნიკე დღეს Allar.ge-ის სტუმარია და ის თავად მოუყვება ჩვენს მკითხველს, თუ როგორ აფასებს არტისტი საკუთარ გამოსვლას ევროფესტივალის სცენაზე. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ინტერვიუ მხოლოდ ამ თემით არ შემოიფარგლება და მათ, ვისაც სურს გაიგოს უფრო მეტი, თორნიკეს ბავშვობის, მისი განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ეს ინტერვიუ უნდა წაიკითხონ.

 

- როგორ შეაფასებთ„ევროვიზია 2021“-ზე თქვენს გამოსვლას?

 

- ვფიქრობ, რომ კარგი შესრულება არ იყო და უკეთესადაც შეიძლებოდა, თუმცა რატომღაც ასე მოხდა. თვითონ სიმღერას რაც შეეხება, ძალიან კარგია. უბრალოდ ამ კონკურსში, ამ ეტაპზე არ გაამართლა. შეიძლება სხვა დროს რომ გაგვეტანა, უფრო კარგი ყოფილიყო.  დღემდე ვფიქრობ, მართლა მაგარი სიმღერა გამოვიდა, რომელზეც შესანიშნავმა ადამიანებმა - ალეკო ბერძენიშვილმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და გორის გოგონათა გუნდმა იმუშავეს. გარდა ამისა, არანჟირებაში თავადაც ვმონაწილეობდი. სიმღერა პირველი არხის წყალობით, „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა. მოკლედ, მართლა მაგარი გამოვიდა და მგონია, რომ ხალხი ამ სიმღერას  ნელ-ნელა უფრო დააფასებს.

 

- შანსი თუ გექნებათ, ევროვიზიის კონკურსში ისევ მიიღებთ მონაწილეობას?

 

- რა ვიცი, რატომაც არა? „ევროვიზია“ ძალიან კარგი კონკურსია. იქ მეგობრობის, სიყვარულისა და თავისუფლების ატმოსფერო იგრძნობა. სიმართლე გითხრათ, ზოგადად კონკურსებში მონაწილეობა და გამარჯვება ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ასეთი კონკურსების არსებობა საშუალებას იძლევა, მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია გაუკეთო საკუთარ სიმღერას. 18-19 წლის ასაკში, როდესაც ჯგუფი ახალი შექმნილი მქონდა, არც პროდიუსერი გვყავდა, არც მენეჯერი და არც მუსიკალური ხელმძღვანელი, სტუდიაც არ გვქონდა სიმღერების ჩასაწერად, შესაბამისად ჩვენ თვითონ ვცდილობდით საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენას. სწორედ ცნობადობის ასამაღლებლად ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონკურსში.

 

- თქვით, რომ ბევრ კონკურსში მონაწილეობდით. მათგან რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

 

- არ ვიცი. ზოგადად ყველა კონკურსიდან ბევრი რამ ვისწავლე  და ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო ყველგან, სადაც კი ვმონაწილეობდი.  პირველი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე,  „მაგთიფანი“ იყო. ამ პროექტიდან დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც დღესაც მადგება. შემდეგ იყო „X FACTOR“, სადაც გავიმარჯვე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც გვერდში მედგა, მამხნევებდა და მგულშემატკივრობდა.

 

- საინტერესოა, რა ასაკიდან დაიწყეთ სიმღერა?

 

- ადრეული ასაკიდან ვმღეროდი. უფრო სწორად, ვღიღინებდი, ასე ამბობენ ჩემი მშობლები. ზოგადად, მათ მუსიკა ძალიან უყვართ და ბავშვობიდან შემიყვანეს  ნიჭიერთა ათწლედში. იქ გამოცდა კარგად ჩავაბარე, მაგრამ კლასიკური მუსიკა არ მიყვარდა. ბავშვისთვის ზოგადად რთული გასაგებია, მაშინ უფრო ჰიპ-ჰოპს და რეპს ვუსმენდი. ბავშვობაში, მე როგორც მახსოვს, სპორტული და ძალიან სწრაფი ვიყავი. სპორტის ბევრ სახეობაზე დავდიოდი. ჩემმა მშობლებმა ყველგან შემიყვანეს, სადაც შეიძლებოდა, რომ მევლო. თან ჩვენთან ახლოს იყო კრივის დარბაზი, კორტები და მოკლედ, სპორტი ძალიან მიყვარდა, თუმცა, ისე მოხდა, რომ სპორტს შევეშვი და მუსიკა ავირჩიე.

 

- რა მიზეზით თქვით უარი სპორტზე და რატომ აირჩიეთ მუსიკა?

 

- ძალიან გვიან მოვისმინე ჯიმი ჰენდრიქსის ალბომი. მომეწონა გიტარის ხმა, შესრულების მანერა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, გიტარაზე დაკვრა მესწავლა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გარდამტეხი, რის გამოც მე მუსიკა  ავირჩიე  და უარი ვთქვი სპორტზე. ამის მერე კი დავიწყე როკის, ჯაზის და ბლუზის მოსმენა. ამჟამად, ვცდილობ ელექტრონული მუსიკა ვისწავლო. ამ საქმეს დაახლოებით 6 წლის წინ მოვკიდე ხელი და მის მერე ნელ-ნელა ვვითარდები. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ნორმალურ დონეზე ვარ, თუმცა, ისეთ მაღალ დონეს რომ მივუახლოვდე, როგორზეც არიან იაპონელი, გერმანელი და ფრანგი ელექტრომუსიკის მუსიკოსები, ამას დრო დასჭირდება. შესაბამისად არ ვჩერდები. ყოველ დღე ვმუშაობ და ხშირად მუშაობაში მათენდება კიდეც. ჩემი აზრით, მუსიკაში მთავარი მაინც არის მუზა და გამართლება იმ გრძნობის, რასაც იმ მომენტში მუსიკოსი გრძნობს  და ეს თავისით როცა ხდება, ყველზე კარგი მაშინაა, მაგრამ ნასწავლი მუსიკაც კარგია.

 

- COVID-19-ის პანდემიამ თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში ხელი ხომ არ შეგიშალათ?

- პანდემიამ ზოგადად მთელი დედამიწა დააზარალა და ახლა ცოტა უხერხული იქნება, ჩემს თავზე რომ დავიწუწუნო. თან შემოქმედებითად დიდად არაფერი ზეგავლენა არ მოუხდენია, იმიტომ, რომ ისედაც თუ რაღაცაზე ვმუშაობ, ჯერ მონახაზებს ვაკეთებ ხოლმე. ამ დროს ვცდილობ, სახლში მარტო ვიყო და ჩემთვის გავაკეთო. აი, შემოსავლებს რაც შეეხება, როგორც ყველა, მეც დავზარალდი.

 

- უახლოესი გეგმები გაგვანდეთ.

 

- იცით რა, სიმღერა „YOU“, რომელიც „ევროვიზიაზე“ ვიმღერე, ძალიან მოეწონა ამერიკულ რადიოსაც და არ ვიცი, შეიძლება სამომავლოდ მათთან გავაგრძელო თანამშრომლობა. საერთოდ, ყოველთვის ჯობია, იმ ადამიანებთან ითანამშრომლო, რომლებიც გარკვეული არიან კონკრეტულ საქმეში, ამიტომ თუ ესე მოხდება, კარგი იქნება.

 

- საავტორო უფლებებს თუ იცავთ?

 

- დიახ. ცოტა ხნის წინ გავწევრიანდი GERA-ში (საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციაში). ეს პირველი შემთხვევაა, მანამდე არც მიფიქრია, მსგავსი რამ გამეკეთებინა. ვფიქრობ, ისეთი ასოციაციის არსებობა, რომელიც ავტორ-შემსრულებლებს დაეხმარება, აუცილებელია.

 

ინტერვიუს დასასრულს თორნიკემ გვითხრა, რომ მუსიკალურ სივრცეში დიდი წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია, თუმცა, პირად ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად სამი შვილის ყოლას მიიჩნევს. Allart.ge თორნიკეს მიზნების განხორციელებას უსურვებს, მკითხველს კი მომღერლის ყველაზე საყვარელი სიმღერით ემშვიდობება.

 

ესაუბრა ილონა ცაცუა

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner