logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ დროს ყველანაირი შეზღუდვა იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი
- +

14 ივნისი. 2021. 02:37

 

„ა.წ. 12 ივნისს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ყალბ პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა ვითომ ჩემს მიერ გაკეთებული ინფორმაცია მყვირალა სათაურით „მოგვიწევს ქვეყნის ჩაკეტვა ლოკდაუნის გამოცხადება“, რომელიც მტკნარი სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის გაღიზიანებას, დასტრესვასა და საქართველოში კოვიდ პანდემიის წარმატებული მართვისთვის ჩრდილის მიყენებას,“ - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ განმავლობაში ყველანაირი შეზღუდვა იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში.

 

„ზუსტად ამ დღეს მე ვიმყოფებოდი ქალაქ ქუთაისში იმერეთის რეგიონის კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც განვიხილეთ COVID-19-ით ავადმყოფების მოვლისა და მკურნალობის სერვისების ოპტიმიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების საკითხები. ეს შეხვედრა გაშუქდა ტელევიზიების საშუალებით, სადაც მე სრულიად საპირისპირო შინაარსის ოპტიმისტური განცხადებები გავაკეთე.

 

ჩვენ არა თუ ვემხრობით ლოკდაუნებსა და ჩაკეტვებს, არამედ პირიქით, ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-სთან ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. შედეგიც სახეზეა - საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ განმავლობაში ყველანაირი შეზღუდვა იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ხოლო ამჟამად პრაქტიკულად ყველა აკრძალვა და შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მხოლოდ მინიმალური დროით. ამას ქვეყანამ მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო და პირბადეების გამოყენების მაჩვენებელიც დაბალია.

 

შემდგომში არასასიამოვნო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას ვთხოვ ისარგებლონ მხოლოდ ჩემი პირადი ან სამსახურის (ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი) ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციებით და ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის ინტერნეტ პლატფორმებს“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner