რუსთაველის თეატრის მსახიობმა ია სუხიტაშვილიმა „კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ნელ-ნელა თანამედროვე ქართულ ფილმებში ქართული ხასიათი იკარგება, ისეთი ემოციებით აღარ არის გადმოცემული მსახიობის როლები, როგორც ადრე.
„პოლიტიკა არ უნდა იჭრებოდეს თეატრში, კინოში. ხელოვანი არ უნდა ეწირებოდეს ხელისუფლების ცვლილებებს...
გული იმაზე მწყდება, რომ არ მინდა დაიკარგოს რაღაც... ქართული ხასიათი კინოშიც იკარგება. დღეს, როდესაც რეჟისორი ფილმს იღებს, მაგალითად, თბილისურ უბანზე, სადაც თბილისური ურთიერთობის გამოხატვა სჭირდება, ამას მსახიობს უემოციოდ აკეთებინებს, არადა, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ეს ნელ-ნელა იკარგება კინოში.
თუ ფილმში, ვთქვათ, ქართველ ქალს უკვდება ქმარი, მწუხარებას გამოხატავს მშვიდად - თვალებდახრილი; ქალი გაიგებს, რომ ქმარი ღალატობს, ეჭვიანობას გამოხატავს მშვიდად. არადა, არა ვართ ასეთები ქართველები.
დღემდე ძალიან მიყვარს „ფეოლა". „ჯარისკაცის მამას" ერთი კადრის გამო ვაღმერთებ - როდესაც სერგო ზაქარიაძის გმირს კახეთიდან ომში აცილებენ შვილის მოსანახულებლად, რაღაც გვითხარიო, ეუბნებიან. „რა უნდა ვთქვა, მივდივარ და მივდივარ, ეგ არის და ეგა!" - ამ ერთ ფრაზაში აჩვენა კახელი კაცის ბუნება, ერთ ამოსუნთქვაში. ასეთი ფრაზებისა და მომენტებისგან შედგებოდა ქართული კინო, რომელმაც მოაღწია დღემდე, და მგონი, ცოტათი ვკარგავთ ამ განწყობას", - ამბობს ია სუხიტაშვილი.