„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და აღვნიშნავთ სასმელი წყლის პროექტის ინაუგურაციას გორის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ეს პროექტი არის არაჩვეულებრივი მაგალითი, თუ რის მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც საქართველოს ისეთი მეგობრები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, ეუთო, ერთიანდებიან ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით და აკეთებენ ისეთ სასარგებლო პროექტს, რომლის შედეგადაც, 144 ოჯახს ექნება ხელმისაწვდომობა სუფთა წყალზე. ეს მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.
ციცაგიანთკარში წყლის ახალი სისტემა მოეწყო. ადგილობრივებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ჰელგა მარია შმიდთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან ერთად შეხვდა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის გახსნის ცერემონიას, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, დაესწრნენ ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.