„ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ მარტივად მოვახერხეთ ვითარების გარდატეხა 2021 წლის 18 თებერვალს, გამომდინარე მისი წარსულიდან და იმიჯიდან“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.
მისი თმით, 2011-2012 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი იდგა იმ პროცესების სათავეში, რომელმაც ქვეყანას მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა.
„ის იდგა პირველი ბიძინა ივანიშვილის გვერდით და მას ძალიან აფასებს „ქართული ოცნების“ გუნდი და მისი აქტივი, მისი ათი ათასობით წევრი, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, შემდეგ მას ეკავა პრემიერის თანამდებობა, რამდენიმე წლის შემდეგ დაიკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და ის იყო გამორჩეული თავდაცვის მინისტრი.
იმ პერიოდის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერებულიყო, გაგვეძლიერებინა ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ, დასავლური სტრუქტურებისკენ, ის იყო ძალიან წარმატებული ამ მიმართულებით. ის ნიჭიერი ადამიანია, შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორმა ძალიან ბევრი რამ განაპირობა და დღესაც ის, რომ გუნდი არის ძლიერი, ამაში ძალიან დიდი დამსახურება აქვს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.